ახალი ამბები

განათლების ახალი მინისტრი უნივერსიტეტების თვითმმართველობებს შეხვდა

9 ივნისი, 2016 • 2260
განათლების ახალი მინისტრი უნივერსიტეტების თვითმმართველობებს შეხვდა

დღეს, 9 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

“თვითმმართველობის გაუქმებას რეალურად არავინ არ ითხოვს. სტუდენტები ითხოვენ თვითმმართველობის ამ ფორმის შეცვლას სხვა ფორმით. ბოლონიის პროცესითაც და ყველა სხვა საერთაშორისო ნორმითაც (და ამ ხალხის სურვილითაც), სტუდენტებმა უნდა მიიღონ მართვაში მონაწილეობა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას, თუ სტუდენტებს არ მივცემთ ამის საშუალებას და დემოკრატიის პრინციპებსაც გადავუხვევთ”, – განაცხადა შეხვედრის სტუდენტებთან შეხვედრის დაწყებამდე მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრთან შეხვედრამდე თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ბახვა კვირიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ თსუ-ის თვითმმართველობა თანახმაა “რეფორმაზე, განვითარებაზე”. თუმცა მას მიაჩნია, რომ სტუდენტური გაერთიანებების ფორმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ უნივერსიტეტებმა. “ავტონომიის ხარისხი მაღალი უნდა იყოს”, – თქვა ბახვა კვირიკაშვილმა.

განათლების მინისტრის თქმით, სტუდენტებთან მსჯელობა მნიშვნელოვანია არა მარტო თვითმმართველობის, არამედ უმაღლესი განათლების ყველა ასპექტის რეფორმაზე: “ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენია განათლების რეფორმა და მასში, რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების რეფორმა არის ძალიან ცენტრალური. ამიტომ დღესაც და მომავალ შეხვედრებზე, ყოველ ჯერზე,  ჩვენ იმ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რაც იმ ეტაპზე იქნება აქტუალური და მნიშნველოვანი სტუდენტებისთვის”, – თქვა ჯეჯელავამ.

ბახვა კვირიკაშვილი განათლების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან, შეხვედრის შემდეგ. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ბახვა კვირიკაშვილი განათლების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან, შეხვედრის შემდეგ. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა თსუ-ის თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ახლანდელი წევრი, შალვა საბაური. “მინისტრმა ახსენა, რომ მუდმივ რეჟიმში იქნება კომუნიკაცია როგორც თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ასევე, განათლების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით. ორივე მიმართულებით ჩვენ საკუთარ ხედვებს გავაცნობთ”, – თქვა საბაურმა. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, ჰქონდა თუ არა მას იგივე პრეტენზიები, რაც განათლების წინა მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან, შალვა საბაურმა უპასუხა: “თავისთავად ცხადია, რომ ახალ მინისტრთან პრეტენზიები არ გვაქვს. პირველი შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”.

შეხვედრის შემდეგ თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “მინისტრი მზად არის, მარტივად და სწრაფად მოაგვაროს პრობლემა. მარტივი მოგვარება გულისხმობს იმას, რომ საერთო მიზნებსა და ხედვებზე, რაც შეიძლება გააჩნდეს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, უნდა შევთანხმდეთ და რეალური განვითარებისთვის უნდა ვიმსჯელოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც უნივერსიტეტების, ისევე კონკრეტული სტრუქტურის სამომავლო პერსპექტივებში”, – გვიხსნის კვირიკაშვილი.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ის რეგულარულად აპირებს სტუდენტებთან შეხვედრას: “იმისთვის, რომ მუდმივმოქმედ რეჟიმში ვიმსჯელოთ – ანუ არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც ყველა სტუდენტს ექნება საშუალება (ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა), რომ მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში თემაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა (კონკრეტულ უნივერსიტეტში და არა მარტო) უკეთესი”, – განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით, “ის რთული სიტუაცია უნივერსიტეტში იმასთან არის კავშირში, რომ ბევრი რამე არ მოგვარდა წლების განმავლობაში, რაც უნდა მოგვარებულიყო. მე დიდი იმედი მაქვს, (აქამდე ძალიან პოზიტიური იყო ყველა ეს შეხვედრა) და ამ ხალხის ძალიან დიდი იმედიც მაქვს იმიტომ, რომ ეს არის ხალხი რეალურად, რომელსაც გული აქვს ანთებული იმისთვის, რომ განზე კი არ გადგეს, არამედ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სტუდენტურ ცხოვრებაში”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

დღეს მინისტრს თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობებიდან თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი შეხვდა. დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობის წარმომადგენელი.

“ვისაუბრეთ მინისტრთან განათლების რეფორმაზე – რა რეფორმებია საჭირო. როგორ ვხედავთ ჩვენ, სტუდენტები, ამ რეფორმებს და როგორ უნდა ჩავერთოთ ამ რეფორმების განვითარებაში. ასევე ვისაუბრეთ სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურაზე, ფორმაზე – როგორ შეიძლება ის შეიცვალოს. ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზეც. ვფიქრობთ, რომ საუბარში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს და სამუშაო რეჟიმში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი არ არის გადაწყვეტილი”, – თქვა თორნიკე ჩიქოვანმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. 09.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი