ახალი ამბები

სამინისტრო: პოლონეთში დაგეგმილ ნატოს სწავლებას ქართული ასეული ჩუტყვავილის გამო გამოტოვებს

9 ივნისი, 2016 • 1671
სამინისტრო: პოლონეთში დაგეგმილ ნატოს სწავლებას ქართული ასეული ჩუტყვავილის გამო გამოტოვებს

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი ქართული ასეული პოლონეთში მიმდინარე ნატოს სამხედრო სწავლებაში, “ანაკონდა 2016” მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ნეტგაზეთს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა მედიასთან ურთიერთობების საკითხებში იმედა დარსალიამ განუცხადა, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ასეულის რადმენიმე წევრი ჩუტყვავილით დაავადდა. ამ საკითხზე ინფორმაცია პირველად რადიო თავისუფლების რუსულმა ბიურომ გაავრცელა. “თავისუფლება” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ბრიუსლეიდან ურჩიეს, თავი შეეკავებინა წვრთნაში მონაწილეობისაგან, რათა ვარშავის სამიტამდე მოსკოვის დამატებითი გაღიზიანება არ გამოეწვია.

იმედა დარსალია ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ასეული პოლონეთში არ წასულიყო, თავდაცვის სამინისტრომ თვითონ მიიღო. მისი თქმით, ჩუტყვავილა რთული ინფექციური დაავადება და იყო საშიშროება, რომ ეს დაავადება არა მხოლოდ ქართული ასეულის წევრებს შორის, არამედ ნატოელი პარტნიორების ჯარისკაცებს შორისაც გავრცელებულიყო.

დარსალიას თქმით, ზემოხსენებულ საკითხზე თავდაცვის სამინისტრო განცხადების გავრცელებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი