ახალი ამბები

მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

13 იანვარი, 2012 • • 1003
მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

“ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს, 13 იანვარს, დაბრუნდებიან. ისინი პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ გაგზავნილი თვითმფრინავით დაბრუნდებიან. ზუსტი დრო არ არის დაზუსტებული, თუმცა ჩვენ მეზღვაურებს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ველოდებით,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესსამსახურმა.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ. ამ დრომდე ქართული მხარე არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოხდა მეზღვაურების გათავისუფლება, დეტალები უცნობია. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ისინი გათავისუფლების დეტალების შესახებ მეზღვაურების სმშობლოში დაბრუნების შემდეგ განაცხადებენ.  

გათავისუფლების ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც ქართველი და თურქი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს ადენის სრუტეში დაატყვევეს. სომალელი მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც გემის მფლობელმა უარი განაცხადა. ამის გამო ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.  ქართველი მეზღვაურები 508 დღის განმავლობაში იყვნენ დატყვევებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი