ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო ევროპის ენერგეტიკულ კავშირში სავარაუდოდ ოქტომბრიდან გაწევრიანდება

9 ივნისი, 2016 • 1953
საქართველო ევროპის ენერგეტიკულ კავშირში სავარაუდოდ ოქტომბრიდან გაწევრიანდება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს “ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი აცხადებს, სამინისტრომ სამოქმედო გეგმა და მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დასრულდა. ასევე გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან და შესაბამის გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები მომავალ მინისტერიალზე, ოქტომბერში მიიღებენ.

“სრულად ენერგეტიკული ბაზრის წევრი ვერ გავხდებით, რადგან დისტანცია გვაქვს და არ ვესაზღვრებით ერთმანეთს, მაგრამ მარეგულირებელი, საკანონმდებლო კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება, ისევე როგორც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა იქნება მინისტერიალი, სადაც წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენს ევროპულ ბაზარზე მიღებასთან დაკავშირებით ოქტომბერში,” – აცხადებს ვალიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის რეგულაციები  საქართველოში ენერგობაზარს დაარეგულირებს და სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის.

ევროკავშირის ინიციატივით ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა. მისი უმთავრესი პრინციპი საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში ბაზრის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და თამაშის წესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. საქართველო ამ გაერთანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლიდან აწარმოებდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა გაერთიანების პრინციპებთან შეუსაბამობის მიზეზით ფერხდებოდა.

ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე გაკეთდა. ფორუმზე შეკრებილმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა ცვალებად გლობალურ ენერგოგარემოზე, მის ზეგავლენასა და გლობალიზაციის არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს. საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ კი კითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა.

პრემიერმა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, “აბრეშუმის სარტყელის” მნიშვნელობაზე და ირანის რესურსების ბაზარზე გამოჩენის შესახებ ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს პირველი სტრატეგიული პარტნიორია. კვირიკაშვილმა ენმ-ის წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას უპასუხა რუსულ კომპანია “გაზპრომთან” განახლებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

“გაზპრომთან” მიმდინარეობდა ტექნიკური მოლაპარაკებები 40%-ით გაზრდილი ენერგეტიკული მოთხოვნის შესავსებად, რომელიც “სოკართან” გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდებაზე შეთანხმებით დასრულდა და ეს „ბრითიშ პეტროლიუმის“ მილსადენის მეშვეობით განხორციელდება. რუსეთი ამ ეტაპზე 10%-ზე ნაკლებს წარმოადგენს ენერგომატარებლების მიწოდებაში და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვართ მძიმედ დამოკიდებული რუსეთზე, ისე, როგორც ეს წარსულში იყო. ამიტომ, სამწუხაროდ, უნდა გამოვიყენო ეს ტერმინი – მთლიანობაში ეს ყველაფერი “გაზპრომთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაცია იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

“ამერიკა რეგიონალურად უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ჩვენს რეგიონს გააჩნია გაყინული პროექტები, არსებობს ტერორიზმის საფრთხეები და, შესაბამისად, ამ საფრთხეების შერბილება და მასთან ბრძოლა შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური პარტნიორი დასავლეთისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. 09.06.16

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრმიერმა კახი კალაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ენერგოუსაფრთოებისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარება.

“საქართველო გახდება ენერგომწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ შევძლებთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში გატანას. თურქეთის გავლით კი უკვე შესაძლებელი იქნება მისი გატანა ევრიპულ ქვეყნებში,” – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი