ახალი ამბები

ანდრო ბარნოვი გორის რაიონში, სავარაუდოდ, “გირჩის” სახელით კენჭისყრას გეგმავს

9 ივნისი, 2016 • 1814
ანდრო ბარნოვი გორის რაიონში, სავარაუდოდ, “გირჩის” სახელით კენჭისყრას გეგმავს

პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის დროს] ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობისთვის აპირებს კენჭისყრას და, სავარაუდოდ, ამას ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” სახელით გააკეთებს.

როგორც ნეტგაზეთს ბარნოვმა განუცხადა, თავად პარტიის წევრი არ არის, თუმცა “გირჩის” ლიდერებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს მართავს. პარტიის პრესსამსახურში ზემოხსენებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ამ ცნობას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

“მე რამდენიმე თვეა გადაწყვეტილი მაქვს გორის რაიონში კენჭისყრა. პლატფორმა შერჩეული არ მქონდა, თუ საიდან შეიძლებოდა ამის გაკეთება. არის მათი [“გირჩის”] სურვილიც და ჩემიც. მე მიმაჩნია, რომ ეს [“გირჩი”] ნამდვილად არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს ხვალ ხელისუფლებაში. ჩემი გემოვნება ძალიან დიდწილად ემთხვევა მათ პროგრამას. მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. უნდა დავამთავროთ გულში მჯიღის ბრაგუნი და ცარიელი ლოზუნგებით ცხოვრება”, – ამბობს ბარნოვი ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ კენჭისყრას არა ქალაქ გორში, არამედ მუნიციპალიტეტის სოფლებისაგან შემდგარ მაჟორიტარულ ოლქში აპირებს:

“მე მიმაჩნია, რომ ძირითადი პოტენციალი, მათ შორის ქალაქ გორის განვითარების [არის აქ]… სოფლები გაცილებით სიანტერესოა, რადგა მე თვითონ მაქვს უამრავი პროექტი, თუ როგორ შეიძლება ამ ადგილების ძალიან კარგად განვითარება ისე, რომ ამით მთელმა რეგიონმა იხეიროს.  ქართლზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ გორზე”, – აცხადებს ბარნოვი, რომელიც “გირჩის” ლიდერების მსგავსად ენმ-ს ყოფილი წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი