ახალი ამბები

კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მაინც შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას

9 ივნისი, 2016 • 1016
კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მაინც შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო საბოლოოდ მაინც მიიღებს უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც კალაძე ამბობს, მთავრობისთვის ცნობილია, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტისგან თავს იკავებს გერმანია და საფრანგეთი.

“დაველოდოთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ საფრანგეთო და გერმანია იკავებს თავს. დაველოდოთ, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში.

ეს ჩვენზე აღარ არის დამოკიდებულო. დაველოდოთ იმ ქვეყნებს. თუმცა საბოლოოდ, დარწმუნებულო ვარ, საქართველოს მოქალაქეები მაინც შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას და საქართველო შეძლებს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,” – განაცხადა კალაძემ, რომელიც დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება – ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ მონაწილეობდა.

ამავე კონფერენციაში მონაწილეობდა ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, თუმცა მედიასთან საუბარი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე დღეს არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს ევროკავშირის საბჭო, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საკითხს სრულად მხარდაჭერისგან თავს იკავებენ გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ისინი ცდილობენ ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყვიტონ, რაც შეიმუშავებენ უვიზო მიმოსვლის სწრაფად შეჩერების მექანიზმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი