ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ყოველი მეოთხე ადამიანი რუსეთიდან გაქცევას ცდილობს

11 იანვარი, 2012 • • 1059
მიხეილ სააკაშვილი: ყოველი მეოთხე ადამიანი რუსეთიდან გაქცევას ცდილობს
სააკაშვილი
სააკაშვილი

“მტერმა ძალიან გაგვაწვალა და სისხლი გაგვიშრო, მაგრამ ომიდან ოთხი წელიც არ გასულა და სად არიან ისინი და სად ვართ ჩვენ. ნახეთ, რა ხდება მათ დედაქალაქში. ნახეთ, როგორია მათი ეკონომიკური ზრდა. ამდენი ნავთობი და გაზი აქვთ. მთელი მსოფლიო ინფრასტრუქტურა მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ძვირდება საწვავი, უამრავი კონფლიქტები აქვთ და ამის მიუხედავად, ყოველი მეოთხე იქიდან აპირებს გაქცევას,” – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას.   

მისივე თქმით, საქართველო დგება ფეხზე და უკრაინაში, მოლდოვაში, შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში დღეს ხალხი ოცნებობს არა რუსულ მოდელზე, ოცნებობს იმაზე, რაც ხდება საქართველოში.

“დღეს უკვე რუსეთში, ჩვენი დამპყრობლის ქვეყანაში, რომელსაც ოფიციალურ მტრად ვყავართ გამოცხადებული, ის ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს სახავს, როგორც მათთვის მისაბაძ მაგალითს. ამაზე უფრო მეტი დამცირება რა უნდა იყოს იმისა, ვისაც ეგონა, რომ ჩვენ დამთავრებული ვიყავით, როდესაც გორის ქუჩებში დააბიჯებდნენ. ამიტომ, მასზე ჩვენი პასუხი არის განსაკუთრებულად მაგრად გაკეთებული გორი, იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლო ჩვენი აღორძინების”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გორში გადავა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გორში, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი საავადმყოფო გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი