ახალი ამბები

კაციტაძე: კარდაკარის პარალელურად დამისამართების პროექტმა შესაძლოა პრობლემები წარმოშვას

11 იანვარი, 2012 • • 1041
კაციტაძე: კარდაკარის პარალელურად დამისამართების პროექტმა შესაძლოა პრობლემები წარმოშვას

კარდაკარის პარალელურად დამისამართების პროექტის წარმოებამ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური პრობლემები წარმოშვას ზუსტი მისამართებისა და სიების ფორმირების საკითხში, – აღნიშნავს პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრი, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე.

“ჩემი ინფორმაციით, გასული წლიდან დაიწყო ეს პროცესი და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. უბრალოდ, ჩვენი კარდაკარის პროგრამა რომ დაიწყება, ამის პარალელურად დამისამართების პროცესის წარმართვა გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს შექმნის ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამასაც მომზადებულები შევხვდეთ, რომ ძველ მისამართზე ჩატარებული კარდაკარი ახალი დამისამართების პირობებში ახალ პრობლემებს არ შეეჩეხოს. ამას სჭირდება წინასწარი თადარიგისა და პრევენციის დაჭერა, ხოლო თუ როგორ მოხდება ეს, ამაზე უნდა მოვემზადოთ და ჩვენ გვაქვს ამ საკითხზე კონსულტაციები იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (USAID), რომელიც უშუალოდ ახორციელებს დამისამართებას,” – აღნიშნა კაციტაძემ.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. 2012 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება თბილისის დამისამართების პროექტი. საჯარო რეესტრი, დედაქალაქის დამისამართების პარალელურად, 2012 წელს საქართველოს სხვა დიდი ქალაქების დამისამართებასაც დაასრულებს (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი).

„არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი.  მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (იტალიური ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა. აღიწერა ამ რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა. ძველი თბილისის ინვენტარიზაცია უკვე დასრულებულია.  დასრულდა ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონის დამისამართებაც” – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, იანვარში მიღებული იქნება საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შიდაგანაწესი, როგორც კანონი.  

“თებერვალსა და მარტში უკვე იწყება კონკრეტული პროცესი სიების დაზუსტების– ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მეორე მხრივ, მზაობა იმის, რომ ჩვენ აპრილ–მაისში განვახორციელოთ ეფექტური აქცია – კარდაკარის სახით, რომლის ძირითადი მიზაანია ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება 2012 წლის არჩევნებისთვის. კარდაკარის აქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდება. იმისათვის, რომ კარდაკარი იყოს საყოველთაო, უშუალოდ ამ პროცესში ჩართული მობილური ჯგუფებიდან დაახლოებით 11 300 ადამიანი იქნება საჭირო,” – განაცხადა კაციტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი