ახალი ამბები

სააკაშვილი: ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს

11 იანვარი, 2012 • • 957
სააკაშვილი: ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს

ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს. მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ნორმალური ინსტინქტია, ცუდი რაც არის, დაივიწყოს. მე მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური მუმიები და ვამპირები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ვეღარ დაბრუნდებიან.

“ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, გავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები; იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით, ახლა ამათ ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას, ჩვენც ხომ გვეკუთვნის რაღაც. არაფერი არ ეკუთვნით – ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური ვამპირები ვეღარ დაბრუნდებიან, სანამ საქართველო წინ მიდის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში მთავრობის ჰოსპიტალური გეგმის განვითარების ფარგლებში ახალი საავადმყოფო გახსნა.
რეანიმაციულ-ქირურგიული კლინიკა 32 საწოლზეა გათვლილი.

ახალ საავადმყოფოში შესაძლებელია ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარება.

ახალი კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.

საავადმყოფოს გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი