ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისგან

8 ივნისი, 2016 • 1510
საქართველო რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისგან

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებაში, რომელიც მან 2016 წლის 6 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.

ქართული მხარის ცნობით, 2016 წლის 6 ივნისს “რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს”.

“საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის უკანონო პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე გეგმავს აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდზე, 14-15 ივნისს დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი