ახალი ამბები

ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე არ შეუწყდება

11 იანვარი, 2012 • • 1050
ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე არ შეუწყდება

საქართველოში საფრანგეთის კონსულის მოადგილემ, ჟერარ ანრიომ, 2012 წლის 9 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ საფრანგეთი ბიძინა ივანიშვილს არ შეუწყვეტს მოქალაქეობას, თუ მას საართველოს მოქალაქეობას არ მიანიჭებენ.

განცხადების მიხედვით, საფრანგეთი არის ”მოქალაქეობის შესახებ” გაეროს 1997 წლის  6 ნოემბრის კონვენციის წევრი. აღნიშნული  კონვენცია კი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, საკუთარი მოქალაქეები მოქალაქეობის გარეშე არ დატოვონ და მოქალაქეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყვიტონ, თუ სხვა სახელმწიფოსგან ექნებათ მყარი გარანტია პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და ახლა მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ საფრანგეთსაც მიმართა მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით, ამის პარალელურად კი მან 5 იანვარს სამოქალაქო რეესტრისგან მოითხოვა, ნატურალიზაციის გზით საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

ივანიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის #34 ბრძნებულება. ამ ბრძანებულების მიხედვით კი, ივანიშვილმა მოქალაქეობის მიღებაზე პასუხი განცხადების წარდგენიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში უნდა მიიღოს. ბიძინა ივანიშვილმა განცხადება მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების შესახებ საართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში 2012 წლის 5 იანვარს შეიტანა.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე შეუწყდა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად კი პრეზიდენტმა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდგომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი