ახალი ამბებისაზოგადოება

GPB-ის თანამშრომელთა უცვლელი მოთხოვნები და გეგმები გაფიცვასთან დაკავშირებით

8 ივნისი, 2016 • 1274
GPB-ის თანამშრომელთა უცვლელი მოთხოვნები და გეგმები გაფიცვასთან დაკავშირებით

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველადი პროფკავშირის წევრები, ტელევიზიისათვის მიცემული 21-დღიანი ვადის ამოწურვის მიუხედავად, გაფიცვას არ იწყებენ. 10 ივნისს პროფკავშირს, მაუწყებლის მენეჯმენტსა და ბორდს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც მათ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ იმჯელებენ. გადაწყვეტილებას გაფიცვის დაწყების შესახებ ისინი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. პროფკავშირების წევრი 83 ჟურნალისტი და ოპერატორი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროფკავშირებსა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენლებს შორის ამ დრომდე 3 შეხვედრა შედგა, თუმცა, როგორც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა მესხი აცხადებს, კონკრეტულ პოზიციაზე ისინი ვერ შეჯერდნენ. მოლაპარაკების პროცესში ისინი ძირითად მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებენ.

“ჩვენ პატივს ვცემთ მედიაციის პროცესს, პატივს ვცემთ ხელმძღვანელობას და იმ პროცესებს, რომელიც ჯერჯერობით დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა ასევე მოგვარდება,” – აცხადებს ლაშა მესხი.

მესხის თქმით, ისინი ასევე ელოდებიან ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანზიაციის პროცესის დასრულებას.

პირველადი პროფკავშირის წევრის, კახა ჯანაშვილის განცხადებით, მათ ინტერესებში არ შედის ტელევიზიის გათიშვა, თუმცა, თუ მოლაპარაკებები გამწვავდა, მათი თქმით, გადაცემა “მოამბე” რისკის ქვეშ დადგება.

18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის 83-მა თანამშრომელმა 21 დღეში გაფიცვის დაწყება დააანონსა, თუ ხელფასებს არ მოუმატებენ და სოციალურ უთანასწორობას არ აღმფხვრიან საზოგადეობრივ მაუწყებელში. მათი განცხადებით, მაუწყებელში ხელფასების სამართლიანი სისტემა უნდა შემუშავდეს, რაც გულისხმობს ხელფასების გათანაბრებასა და დანამტებისა და პრემირების სისტემის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი