ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსი 5 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის

8 ივნისი, 2016 • 2511
პატრიოტთა ალიანსი 5 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის

დღეს, 8 ივნისს პატრიოტთა ალიანსის ოფისში 6 პარტიისაგან შემდგარი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა. ბლოკში შემდეგი პარტიები ერთიანდებიან: 1. დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; 2. კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“; 3. კახა კუკავა – პარტია“თავისუფალი საქართველო“; 4. აკაკი ასათიანი – საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი; 5. გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; 6. გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ახალი საარჩევნო ბლოკის საკითხზე განცხადებას ავრცელებს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი:

“უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოში ერთი ხელისუფლება მეორეს ცვლის, მეორეს – მესამე, მესამეს – მეოთხე. ყოველი ახალი ხელისუფლება ახალი დაპირებით მოდის. რაც მთავარია, ყოველი ახალი ხელისუფლება საზოგადოებას ჭეშმარიტ დემოკრატიასა და თავისუფლებას ჰპირდება, მაგრამ ეს დაპირება არ სრულდება და ჩვენ მუდმივი იმედგაცრუების რეჟიმში ვცხოვრობთ. ამის საპასუხოდ, ყოველი არჩევნების მოახლოებისას არის მცდელობა დიდი ოპოზიციური ერთობისა, მაგრამ არც ამისი მოხერხებაა ადვილი. დაპირებების მრავალფეროვნების კუთხით, არც ამჟამინდელი ხელისუფლებაა გამონაკლისი, რომელიც ბევრს დაგვპირდა და ძალიან ცოტა რამ თუ შეასრულა. იწყება საარჩევნო პროცესი და ამ კუხითაც (ანუ საარჩევნო თვალსაზრისითაც) ხელისუფლებამ იმედი გაგვიცრუა და, უბრალოდ რომ ვთქვათ, მოგვატყუა!

თქვენ გახსოვთ, ჩვენ ვითხოვდით, რომ თუ, მაგალითად, გამგებელი ან პოლიციის უფროსი დგანან საარჩევნო უბნის წინ და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, ასეთი ქმედება უნდა გათანაბრებულიყო სისხლის სამართლის დანაშაულთან. ამის ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს საპირისპირო კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ ასეთ გამგებელსა და პოლიციის უფროსს ვამხელთ და მასთან ვიჩხუბებთ, ჩვენ დაგვიჭერენ!

მეორე მაგალითი: ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს კანონი და წაგვართვას უფასო სარეკლამო საეთერო დროის 2/3. ვეკითხებით ჟურნალისტებს: რა შეიძლება ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ სულ რაღაც 27 წამში? შემდეგი მაგალითი: ჩვენ ვართ კვალიფიციური პარტია და არ გვყავს წევრი ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში! მოკლედ, 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ არ შეცვალა სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული და ამ რეჟიმზე მორგებული საარჩევნო კანონმდებლობა! კანონები ბუნდოვანი, ორაზროვანი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავია. ამ ბუნდოვანი და უსამართლო კანონმდებლობით იწყებს „ქართული ოცნება“ 2016 წლის საარჩევნო მარათონს. წლები გადის, ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ამჯერადაც იყო მცდელობა დიდი ოპოზიციური ერთობისა და ამ ეტაპზე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგებით, როგორც 6 პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი.

დღეისათვის ბლოკში შედიან შემდეგი პარტიები:

1. დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
2. კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“;
3. კახა კუკავა – პარტია“თავისუფალი საქართველო“;
4. აკაკი ასათიანი – საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი;
5. გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
6. გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პარტიები და ლიდერები საზოგადოებისთვის სრულიად მისაღებია. საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“; ჩვენ ღია ვართ სხვა პარტიებისთვის, რომლებიც, ცხადია, იმსახურებენ საზოგადოების ნდობას და მხარდაჭერას. იმედია, ბევრი განმარტება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენს ბლოკში ვერ გაერთიანდებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პარტიები”, – ნათქვამია ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი