ახალი ამბები

არაოფიციალური ცნობით, COREPER-მა საქართველოსთან სავიზო საკითხზე გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღო

8 ივნისი, 2016 • 1724
არაოფიციალური ცნობით, COREPER-მა საქართველოსთან სავიზო საკითხზე გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღო

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე COREPER-მა გადაწყვეტილება ვერც დღეს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე ავრცელბენ. იოზვიაკის ინფორმაციით, გერმანია, იტალია და საფრანგეთი ამ ეტაპზე არ ეთანხმებიან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

“საკითხს მიენიჭა ე.წ. B სტატუსი და მას 10 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები განიხილავენ. საბოლოო განაჩენიც მაშინ დადგება”, – წერს ვანო ჩხიკვაძე.

კორეპერი ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტია.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.
მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).
გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

როიტერის ინფორმაციით, კორეპერმა ასევე იმსჯელა სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე თურქეთისათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის, თუმცა შეთახმება ვერც ამ საკითხებზე მოხდა. თურქეთი ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა კრიტერიუმს, ისევე როგორც უკრაინა. სავარაუდოდ, მათი საკითხების განხილვა ივნისის ბოლომდე ვერ დასრულდება. რაც შეეხება კოსოვოს, მის სუვენერიტეტს ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა არ აღიარებს, ამიტომ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი მათთვის გაცილებით რთულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი