ახალი ამბები

რატომ შეიძლება არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია სახელმწიფომ მეზღვაურებთან დაკავშირებით

9 იანვარი, 2012 • • 1136
რატომ შეიძლება არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია სახელმწიფომ მეზღვაურებთან დაკავშირებით

მსგავს შემთხვევაში, როდესაც მეკობრეებს მეზღვაურები დატყვევებული ჰყავთ, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, არცერთი სახელმწიფო საჯაროდ არ აფიშირებს იმას, რომ მათ მეკობრეებისთვის ფულის გადახდა მოუწიათ, -აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.

“აქ ორმაგი ხედვა შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს არ შეუძლია მეკობრეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება და შესაბამისად, ეს მითუმეტეს ძალიან სპეციფიური და ძნელი საქმეა და მეორეს მხრივ აქ საუბარია ადამიანების ბედზე.

როგორც წესი არცერთი სახელმწიფო საჯაროდ არ აფიშირებს იმას, რომ მეკობრეებისთვის ფულის გადახდა მოუწიათ. თუმცა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული. ეს არის სახელმწიფოს ღირსების შელახვა, როდესაც შენი მეზღვაურები, ანუ შენი მოქალაქეები მეკობრეების ხელში არიან,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” თავდგირიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება დამალოს ხელისუფლებამ ის ფაქტი, რომ მან გადაუხადა მეკობრეებს გარკვეული თანხა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ აქ სახელმწიფოს ღირსების საკითხი დგას.

“აქ არის სახელმწიფოს ღირსების საკითხი. რა თქმა უნდა, პრობლემატურია, რომ განაცხადოს საქართველომ მეკობრეებთან მოლაპარაკებების შესახებ. რადგან მსოფლიოში ღიად ყველა ქვეყენა (მათ შორის წამყვანი სახელმწიფოები) ერიდება იმის თქმას, რომ მათ გადაუხადეს მეკობრეებს გამოსასყიდი მეზღვაურების სანაცვლოდ. ამაში დანაშაული არაფერია, უბრალოდ, ეს არის ღირსების საკითხი. მეორეს მხრივ, საქართველოს არ შეუძლია რაიმე საზღვაო სახის ოპერაციის განხორციელება. აქედან გამომდინარე იყო რამდენიმე არჩევანი, ან უნდა გადაგვეხადა ფული, ან რაღაც ტიპის მოლაპარაკებებზე უნდა წავსულიყავით და ამგვარად გამოგვეხსნა ჩვენი მეზღვაურები, ან უნდა ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაციები. ამ უკანასკნელს ვერ შევასრულებდით, შესაბამისად, სხვა გზები მოიძებნა,” – აღნიშნავს ექსპერტი.

ექსპერტის განმარტებით, შესაძლოა, რომ ფული ბიუჯეტიდან არ არის გამოყოფილი და ეს თანხა შეიძლება გამოყოფილი იყოს რაიმე ფონდიდან – შემოწირულობებიდან,  და სახელმწიფომ ხელი არ შეუშალა მსგავსი ტიპის გადარიცხვის განხორციელებას.

“აქედან გამომდინარე, ის რომ სახელმწიფო არ აკეთებს განცხადებას და საჯაროს არ ხდის ჯერ ამ საკითხს, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გასაგებია და მსგავსი პრაქტიკა ბუნებაში არსებობს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის მაგალითიდანაც. ეს არ არის ოფიციალური მოლაპარკებები. ეს ყოველთვის იქნება ბურუსით მოცული. თუმცა, საქართველოს რეალობაში კარგია, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე გამოხსნილები არიან მეკობრეთა ტყვეობიდან,” –  განაცხადა თავდგირიძემ.

ინტერნეტ–პორტალ “Somalia-Report” –ში გამოქვეყნებული ინფორმაციით,  მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, 3 მილიონი აშშ დოლარის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყოფს და აღნიშნავს, რომ მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ დეტალები მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (15 იანვარი) გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საბერძნეთის ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 სექტემბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. სომალელი მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც გემის მფლობელმა უარი განაცხადა. ამის გამო ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.

მასალების გადაბეჭდვის წესი