ახალი ამბები

საქართველოში დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციას შარშანდელზე ერთით მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

7 ივნისი, 2016 • 2140
საქართველოში დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციას შარშანდელზე ერთით მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 ივნისს ნიუ-იორკში მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჯერად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას მხარი 76-მა ქვეყანამ დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 15 იყო.

მოწინააღმდეგე 15 ქვეყანას შორის არიან სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდ. კორეა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, რუსეთი, სამხ. სუდანი, სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე. შარშან მეთექვსმეტე მოწინააღმდეგე მალდივის რესპუბლიკა იყო, რომელსაც წელს კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

კითხვაზე პასუხისაგან თავი შეიკავა 64-მა სახელმწიფომ. მათ შორის ჭარბობენ სამხრეთ ამერიკული და აფრიკული ქვეყნები. მხარდამჭერ ქვეყნებს შორის კი არიან აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, დანია, უკრაინა, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და ა.შ.

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ მხარი დაუჭირა 76-მა ქვეყანამ (მონიშნულია მწვანედ), წინააღმდეგი იყო 15 (მონიშნულია წითლად), თავი შეიკავა 64-მა. 07.06.2016. ფოტო: მამუკა კუდავა

რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და პოლიტიკურ ტერმინებს არ შეიცავს, აღიარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირთა უფლებებს, მიეცეთ საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას.

აღნიშნული რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე პირველად 2008 წელს გავიდა. მაშინ მას მხარი 14–მა ქვეყანამ დაუჭირა 11–ის წინააღმდეგ. მომდევნო წლებში რეზოლუციის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შედეგები ასეთია:

გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუციების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 2008-16 წლებში. ფოტო: ნეტგაზეთი

გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუციების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 2008-16 წლებში. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი