ახალი ამბები

შეიზღუდა თუ არა სასამართლოზე რუსთავი 2-ის მხარის უფლებები? – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასება

7 ივნისი, 2016 • 1408
შეიზღუდა თუ არა სასამართლოზე რუსთავი 2-ის მხარის უფლებები? – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, 7 ივნისს უკვე მეორე პროცესი ჩატარდა ისე, რომ მასში მონაწილეობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს: ადვოკატებსა და გენერალურ დირექტორს არ მიუღიათ. შეიზღუდა თუ არა ამ გარემოების გამო სასამართლოზე რუსთავი 2-ის მხარე? 

რუსთავი 2-ის ადვოკატები- დიტო საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი ნატა ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყაველაშვილისგან შემდგარმა მოსამართლეთა კოლეგიამ 3 ივნისის სხდომაზე გააძევა დარბაზიდან, ხოლო ნიკა გვარამია – 31 მაისს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი თეო ზაქარაშვილი, რომელიც პროცესს აკვირდება, თვლის, რომ სასამართლოს 3 ივნისის სხდომაზე გვარამია დარბაზში უნდა დაეშვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან რუსთავი 2-ის ადვოკატები, საძაგლიშვილი და მურადაშვილი გააძევა,  სხდომა უნდა გადაედო. მოსამართლემ გვარამიას სხდომაზე არდაშვების არგუმენტად ის ფაქტი დაასახელა, რომ შუამდგომლობა პირადად გვარამიას თავისი სახელით არ შეუტანია სასამართლოს ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე. წერილობითი შუამდგომლობა სხდომაზე რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მიიტანა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ [3 ივნისს] ნიკა გვარამია მოსამართლეებს სხდომაზე უნდა დაეშვათ. მხარის წარმომადგენლის მიერ შეტანილი შუამდგომლობა მარწმუნებლის სახელითაა.  სასამართლომ [31 მაისს]  გვარამიას გაძევების დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მხოლოდ იმ კონკრეტულ სხდომაზე იქნა გაძვებული და შემდეგ მითითება მისცა, რომ თუ მიმართავდა [სასამართლოს შემდეგ სხდომაზე დაშვების შუამდგომლობით], სასამართლო ამას განიხილავდა და სავარაუდოდ დაუშვებდა.  მხოლოდ ის, რომ არა პირადად გვარამიას ხელმოწერით, არამედ მისი წარმომადგენლის მიერ იყო შეტანილი შუამდგომლობა, არ არის საკმარისი მიზეზი პროცესზე გვარამიას არდაშვებისთვის. სასამართლომ ასეთი განმარტება გააკეთა ზეპირად და განჩინებაში რას დაწერს, არ ვიცით. ამიტომ ვახდენთ მხოლოდ ზეპირად შეფასებას სასამართლოს განცხადების საფუძველზე”, – ამბობს იურისტი და აგრძელებს:

“რაც შეეხება რუსთავი 2-ის ადვოკატების გაძევებას. ასეთ შემთხვევაში მხარე (ტელეკომპანია რუსთავი 2) პროცესზე  წარმომადგენლის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე მათი ახსნა-განამრტება უკვე გაკეთებული და რუსთავი 2-ის პოზიცია დაფიქსირებული იყო, ვფიქრობთ, რომ პროცესუალურად, სამოქალაქო კანონმდებებლობის თვალსაზრისით, მხარე წარმოადგენილი უნდა იყოს სასამართლო პროცესზე მაშინ, როდესაც აპელანტს… ჩვენ ვიცით, რომ [ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელ პაატა] სალიას გარკვეული სააპელაციო საჩივრები ჰქონდა რუსთავი 2-ის მიმართაც. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ იქ უნდა ყოფილიყვნენ რუსთავი 2-ის წარმომადგენლები”, – ამბობს ჩვენთან საუბარში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი და დასძენს, რომ 3 ივნისს რუსთავი 2-ის ყველა წარმომადგენლის გაძევების შემდეგ მოსამართლეებს პროცესი უნდა გადაედოთ”.

მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს. მათი თქმით, როდესაც მხარე სხდომაზე წარმომადგენლის გარეშე რჩება, კანონმდბელობით ეს მართლაც არის სხდომის გადადების საფუძველი. თუმცა, მათი განმარტებით, იმ კონკრეტულ სხდომაზე დაგეგმილი იყო ქიბარ ხალვაშის მხარის შესაგებელი TV საქართველოს და ძმები [ლევან და გიორგი] ყარამანიშვილების სააპელაციო საჩივარზე, რომელიც ტელეკომპანიის წილების მფლობელობას ეხება და რუსთავი 2-ის ადვოკატებს ამასთან შეხება არ აქვთ. შესაბამისად, მათი თქმით, სხდომის არგადადებით რუსთავი 2-ის ინტერესები ვერ დაირღვეოდა, რადგან იმ შემთხვევაში მხარე არა ის, არამედ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები არიან, რომელთა ადვოკატები სხდომაზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად სასამართლოს ამ განმარტებისა, თეო ზაქარაშვილი მაინც თვლის, რომ მოსამართლეებს სხდომა უნდა გადაედოთ. მისი თქმით, სხდომაზე ასევე განიხილებოდა სხვადასხა შუამდგომლობა, რომელთანაც შეხება რუსთავი 2-საც ჰქონდა:

“სასამართლომ განმარტა, რომ რუთთავი 2-ის ახსნა-განმარტება უკვე მოსმენილი იყო და რჩებოდა სალიას ახსნა-განმარტება, მაგრამ სალიას იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ჰქონდა სააპელაციო საჩივარი რუსთავი 2-თან მიმართებაში [საავტორო უფლებების ნაწილში], შესაბამისად, ჰქონდა მოთხოვნები რუსთავი 2-თან”.

დღეს, 7 ივნისს სასამართლომ სხდომაზე არ დაუშვა არც რუსთავი 2-ის ადვოკატები და არც მისი გენერალური დირექტორი. სანამ მოსამართლეთა კოლეგია ამ შუამდგომლობაზე იმსჯელებდა, განიხილა პაატა სალიას შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშმა თავისი ყველა სააპელაციო საჩივარი მოხსნა, მათ შორის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საავტორო უფლებების ნაწილში. მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის ადვოკატებისა და დირექტორის სხდომაზე არდაშვების ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ეს დაასახელეს. მათი თქმით, რუსთავი 2 პროცესს ეთიშებოდა:

“მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროცესზე რუსთავი 2-თან მიმართებაში აღარ განიხლებოდა [ხალვაშის სააპელაციო საჩივარი], იმის დასაბუთება, რომ პროცესზე რუსთავი 2-ის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებლობას აღარ წამროადგენდა, უფრო გასაგები, ლოგიკური და პროცესუალურად გამართლებული იყო, ვიდრე წინა სხდომაზე მათი პროცესში არმონაწილეობა. რადგან მხარეს აღარ ჰქონდა პრეტენზია რუსთავი 2-თან მიმართებაში, მათი პროცესზე არყოფნა არ აბრკოლებდა არც სასამართლოს და არც მხარეებს. არც პროცესუალურად ირღვეოდა მათი ინტერესები. მიუხედავად ამისა, საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეეძლო გაეთვალისწინებინა მაღალი ინტერესი და მხარისთვის მიეცა საშუალება, რომ დასწრებოდა პროცესს. საკითხი ისეთ მნიშვნელოვან სფეროს ეხება, როგორიც მედიაა. სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა მხარის ინტერესი პროცესუალურად არ დაარღვია, მაგრამ მაინც შეეძლო დაეშვა პროცესზე. თუ სასამართლოს ისევ ექნებოდა მათ მიმართ პრეტენზიები წესრიგთან და საქმის გაჭიანურებასთან მიმართებაში, შეეძლო თავიდან მიეღო გადაწყვეტილება მათი სხდომიდან გაძევების ან დაჯარიმების, თუ ამის საჭიროებას დაინახავდა”, – ამბობს TI-ის ადვოკატი.

ყარამანიშვილების ადვოკატმა დღეს მომხდარ ფაქტს სპექტაკლი უწოდა. მისი თქმით, მოსამართლეთა კოლეგიამ განზრახ განიხილა პირველად პაატა სალიას შუამდგომლობა იმისათვის, რომ შემდეგში რუსთავი 2-ის მხარის არდაშვებისათვის ფორმალური არგუმენტი ჰქონოდა. ბიბილაშვილი ითხოვდა, რომ  პირველად სასამართლოს მათ შუამდგომლობაზე  ემსჯელა და სხდომაზე გაძევებული ადვოკატები დაეშვა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, რომ სალიას შუამდგომლობისთვის მოესმინათ:

“ტექნიკურად პროცესზე გაწერილი არ არის შუამდგომლობების თანმიმდევრობა… ანუ პირველი რომელი შუამდგომლობა უნდა განიხილონ და რომელი არა, ეს ასე არ არის… თუმცა სასამართლოს ჰქონდა არგუმენტაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლა ვერ შევამოწმებთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამაზე წვდომა. სასამართლომ თქვა, რომ პაატა სალიას შუამდგომლობა სასამართლოს კანცელარიაში პირველი შევიდა. სასამართლოს არგუმენტი იყო ის, რომ სწორედ ამ რიგითობით და თანმიმდევრობით განიხილა აღნიშნული შუამდგომლობები”, – აცხადებს თეო ზაქარაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის წილების საქმეზე განხილვა დღეს დაასრულა. უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის წილების 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი