ახალი ამბები

პრეზიდენტმა ევროპარლამენტში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა

7 ივნისი, 2016 • 1187
პრეზიდენტმა ევროპარლამენტში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა  კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტი  სტრასბურგში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელმარ ბროკმა გახსნა. კომიტეტის სხდომას ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ.

,,ჩვენ ვიმყოფებით დინამიკურ პროცესში. ამ პროცესში საქართველომ ნათლად აირჩია და გამოხატა მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან ერთად – სამ ძირითად საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან. ეს არის მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, ეს არის ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.

ჩვენ ყველა შევთანხმდით  საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. ასევე მიგვაჩნია, რომ საქართველომ ნათელი და მტკიცე ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

ამ კონტექსტში ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთვის ორი წლის წინ მიცუმულ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შეთანხმებებზე.

ეს საკითხები ხდება მნიშვნელოვანი  პოლიტიკური სპექტრისათვის, როგორც შიდა პოლიტიკური განხილვებისას, ასევე, რეფორმების თვალსაზრისით.

მთავრობამ წარმატებით წარმოადგინა ის რეფორმები, რომლებიც უკავშირდება ამ ხელშეკრულებას.

ამავე დროს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.  ვგულსიხმობ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ორი დღის წინ მე გადავაგზავნე განკარგულება არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. დღეს მთავრობა დაეთანხმა მას და მისი კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. ეს აძლევს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ გრძელი და პროგნოზირებადი საარჩევნო კამპანიის წარმართვის  შესაძლებლობას.

ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა გადავლახოთ დღეს საქართველოში არსებული მთავარი გამოწვევა, რაც გულისხმობს ამომრჩევლების საარჩევნო ყუთებთან მიყვანას. რადგან, სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში საკმაოდ დიდია ისეთი ამომრჩევლების რაოდნეობა, რომლებსაც ჩამოყალიბებული არჩევანი ჯერ არ გააჩნიათ.

ვფიქრობ, რომ ეს ამ არჩევნებზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ასე რომ, ამ ოთხი თვის მანძილზე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი და კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია.

მე იმედი მაქვს ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და სადამკვირვებლო მისიების, რომლებსაც მოუწოდებთ, რომ დეტალურად შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც კონკურენცია მოხდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ეს პროცესი წარიმართება ვარშავის სამიტის  და ვიზალიბერალიზაციის პროცესის პარალელულად.

ეს წელი არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25-ე წლისთავი. ჩვენ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი რამდენიმე კვირის წინ ვიზეიმეთ. მადლობლები ვართ ყველა ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი იუბილე ჩვენთან ერთად აღნიშნეს.

25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით. ახლა კი ჩვენს უმთავრეს მიზანს თავისუფლების მოპოვება წარმოადგენს. თავისუფლება ნიშნავს, ემსახურო შენი საზოგადოებისა და შენი ხალხის საჭიროებებს.

მე მიმდინარე წელი ევროპული სახემწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მჯერა, რომ საქართველოს თავისუფლება პოლიტიკურად გამოიხატება ევროპული სახელმწიფოსა და ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობაში,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი