რუსთავი 2-ის შესახებ სასამართლო სხდომა პოლიტიკოსებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

დღეს, 7 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ – ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, გააგრძელა სააპელაციო საჩივრის განხილვა, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ კვლავაც არ დაუშვა  რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც 31 მაისის სხდომიდან იქნა გაძევებული სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, ასევე, რუსთავი 2-ის ადვოკატები- თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი, რომლებიც იმავე მოტივით მოსამართლემ 3 ივნისის სხდომიდან გააძევა.

დღევანდელ პროცესზე კი მოსამართლემ საჯარიმო სანქციები გამოიყენა რუსთავი 2-ის 51%-ის წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს მფლობელების, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატების წინააღმდეგ. მოსამართლემ 500-500 ლარით დააჯარიმა ადვოჯატები ზაზა ბიბილაშვილი და დიმიტრი ძაგნიძე, რომლებსაც გამოურთეს მიკროფონი.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა დარბაზში მყოფი პოლიტიკოსების მხრიდან. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა – სერგო რატიანმა (ენმ), ნინო გოგუაძემ (თავისუფალი დემოკრატები), მანანა ნაჭყებიამ (ახალი მემარჯვენეები), პაატა დავითაია (ევროპელი-დემოკრატები) პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ უნდა მოუსმინოს ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას შესაგებელ სიტყვას. სალიამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა მისი მარწმუნებულის პოზიცია, რომ ის აუქმებს მის სააპელაციო საჩივარს, რომელიც შეეხება 2 პუნქტს – რუსთავი 2-ის ლოგოს ავტორად ხალვაშის აღიარებას და მისთვის 18 მილიონის გადახდას კომპენსაციის სახით. სააპელაციო საჩივარზე უარი ხალვაშის მხრიდან ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დასასრულებლად ვადა სააპელაციო სასამართლოში შემცირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com