ახალი ამბები

პრემიერი: იანვარ-მაისში ბიუჯეტის წლიური გეგმის 37,8% დაიხარჯა

6 ივნისი, 2016 • 1737
პრემიერი: იანვარ-მაისში ბიუჯეტის წლიური გეგმის 37,8% დაიხარჯა

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 6 ივნისის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლებიც 2016 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეხება, დადებითად შეაფასა. მან ასევე ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვის მაჩვენებლებზეც.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2016 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 577,6 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,9%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0% ქალია, ხოლო 59,0% – კაცი.

პრემიერის განცხადებით, დასაქმეის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა, რაც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა.

„ეს ასევე უნდა აღვიქვათ გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის შედეგადაც. 2016 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში. პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით, როგორც სახელმწიფო სექტორში – ავტომაგისტრალების, შიდა გზების, ჰიდროელექტროსადგურების, კერძო სექტორში – მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელი შენობების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს“, – აღნიშნა პრემიერმა.

gamoshveba

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით, რაც 2016 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო, კვარტლის მონაცემებით – 2,8%. პრემიერის შეფასებით, ბოლო თვეებში აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება.

„შედეგად, რა თქმა უნდა, იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა, სადაც აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სუვერენული დაფინანსების მქონე პროექტების კუთხით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, ისე კერძო სექტორის აქტივობის მხრივ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში არის ის, რომ აღინიშნება ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა ლარის კურსის დასტაბილურებასა და გამყარებასთან მიმართებაში. ბანკების მხრიდან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შემცირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულაციური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა. ასევე პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც მანამდე პრობლემატური იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფისკალური სტიმულირება წლის დასაწყისში ყოველთვის იყო საჭირო და კარგია, რომ წლის პირველ ხუთ თვეში ამ კუთხით ჩავარდნები ნაკლებია. პრემიერის შეფასებით, იანვარ-მაისში წლიური გეგმის 37,8%-ის დახარჯვა დადებითი მაჩვენებელია.

„ვფიქრობ, როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორები, დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს, მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და მოიმატებს ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან, მით უმეტეს, რომ ჩვენ განვახორციელეთ და პარლამენტმა უკვე მიიღო საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ტურისტული ვიზიტების სტატისტიკაზეც. მისი გნცხადებით, 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების – ვინც საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება – 24,3%-ით გაზრდილი,

„საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც და 15.3% შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა იყო 8.3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წელს 16,2%-ით გაიზარდა და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი