ახალი ამბები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება

6 ივნისი, 2016 • 2439
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები უქმდება

საქართველოს ჯანდაცვის მინსტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტის ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდება და ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, საშუალება მიეცემა ჩაერთოს პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

მინისტრის თქმით, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღებს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებს უსასყიდლოდ.

დავით სერგეენკომ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • რეგისტრაციიდან მედიკამენტის მიღების პერიოდი 2 თვიდან 2 კვირამდე შემცირდება.
  • 10 ივნისიდან რეგისტრაციის გავლა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისების გარდა შესაძლებელი გახდება ახალ სერვისცენტრში-„მომავალი C-ს გარეშე“. (მის: ფალიაშვილის ქ 110)
  • პროგრამაში ყოველწლიურად 20000 პაციენტის ნაცვლად 30000 პაციენტის ჩართვა იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეის მონაცემებით, მკურნალობა დაწყებული აქვს 9 ათასზე მეტ პაციენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის პირველი ფაზა, როცა მხოლოდ 5000 პაციენტის მკურნალობა უნდა მომხდარიყო, დასრულებულია და მეორე ფაზაშია გადასული, რომელიც ითვალისწინებდა თავდაპირველად წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობას, რაც გაიზარდა 30 ათასამდე. თუმცა, სერგეენკოს თქმით, არც ეს იქნება ზედა ზღვარი.

მინისტრის თქმით, ამ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ პროექტის მართვა განხორციელდა წარმატებულად და არ მომხდარა მისი წყვეტა; ამასთან, გასულ წელს ჩაატარა სრულმასშტაბიანი კვლევა, დაემატა სერვის-ცენტრი და ა.შ.

C ჰეპატიტის პროგრამაში პოზიტიურ ცვლილებებს გამოეხმაურა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი:

მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის.პროგრამის დაწყებიდან დღემდე. მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუნველყოფის გზით. პროგრამის ფარგლებში კომპანია „გილეადმა“ საქართველოს უფასოდ გადასცა C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის  მედიკამენტი „ჰარვონი“, ხოლო მანამდე – “სოვალდი” (სოფოსბუვირი).

მასალების გადაბეჭდვის წესი