ახალი ამბები

მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა

6 ივნისი, 2016 • 1124
მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა

საქართველოს მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად გათვალისწინებული იყო მთავრობის განკარგულების პროექტები “საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე” და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს განკარგულების მოწონების თაობაზე”.

გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 3 ივნისს გამოსცა. ამ აქტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტის განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მთავრობის კონტრასიგნაცია[თანხმობა] ესაჭიროება.

პრეზიდენტის განკარგულება მთავრობას 3 ივნისს გაუგზავნეს. კანონის თანახმად, მთავრობას 10 სამუშაო ვადა აქვს იმისათვის, რომ დაეთანხმოს ან უკან დაუბრუნოს პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განკარგულება, რომელიც მთავრობამ უკვე მოიწონა, პრეზიდენტს კანონოთ გათვალისწინებულ ვადაში გადაეგზავნება.

აპრილში მთავრობამ ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტები.

მნიშვნელოვანი დეტალები

  • პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  2016 წლის 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.
  • ამგვარ ბრძანებულებას სამართლებრივი გაუგებრობა უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ კანონის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია აპრილშივე დაიწყებოდა.
  • თუკი მთავრობა დაეთანხმებოდა პრეზიდენტს, მოსალოდნელი იყო ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია, რაც ქვეყანაში დისკუსიის საგანი გახდა.
  • 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის. მან ხელი არ მოაწერა პრეზიდენტის განკარგულებას და გამოთქვა სურვილი, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამოქმედებულიყო.
  • 14 აპრილს პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა პრემიერს და განაცხადა, რომ არჩევნებს არა სამი თვით ადრე, არამედ 5 თვით ადრე დანიშნავს.
  • ამ თემაზე შემდგომში კონსულტაციები გაიმართა პრეზიდენტს და პრემიერს შორის და შეთანხმდნენ არჩევნების 4 თვით ადრე დანიშვნის შესახებ.
  • თუკი პრემიერ-მინისტრი 3 ივნისს გამოცემულ პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს არჩევნების დანიშვნის შესახებ 9 ივნისამდე დაეთანხმება და ხელს მოაწერს, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 4 თვით ადრე ამოქმედდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი