“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შემწირველები “ქართუდან”

მაისში პოლიტიკურ გაერთიანებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 200 ათას ლარზე მეტი ქართუ ჯგუფთან და ქართუ ბანკთან დაკავშირებულმა ადამიანებმა შესწირეს. ამას მოწმობს მონაცემები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. 

ნატო ხაინდრავამ პარტიას 44 ათასი ლარი შესწირა. ხაინდრავა ქართუ ჯგუფის გენერალური დირექტორია. დავით გალუაშვილი, რომელიც ქართუ ბანკის ოპერაციების დირექტორი/დირექტორატის წევრია, პარტიას 33 ათასი ლარით შეეწია, ბანკის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ გოგუამ “ქართულ ოცნებას” 33 ათასი ლარი შესწირა, იგივე თანხა გაიღო პარტიის სასარგებლოდ გოჩა ჩიკვილაძემ, ქართუ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა. ქართუ ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გივი ლებანიძემ პარტიას 21 800 ლარი შესწირა, ბანკის რისკების დირექტორმა ბექა კვარაცხელიამ – 21 600 ლარი.

2014 წელს ქართუ ბანკის ვებგვერდზე არა მხოლოდ ბანკის დირექტორატის წევრების, არამედ სხვადასხვა განყოფილების დირექტორებისა თუ სხვა სახის მენეჯრების სახელები და გვარებიც იყო გამოქვეყნებული. წელს ბანკის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია აღარ იძებნება, თუმცა 2016 წლის მაისის შემწირველებში ისეთი სახელები და გვარებიც მოიძებნა, რომლებიც 2014 წლის მონაცემებით ბანკში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ: დავით მათიკაშვილი პარტიას 21.400 ლარს სწირავს, მიხეილ ხვედელიანი- 21.400 ლარს, ხოლო გიორგი მიქაბერიძე –  20 000 ლარს.

“ქართულ ოცნებას” 15 ათასი ლარი შესწირა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ. შემწირველებს შორის არიან ყოფილი სპორტსმენებიც : ზურაბ გრძელიძე – ყოფილი კალათბურთელი (8000 ლარი) და გელა კეტაშვილი – ყოფილი ფეხბურთელი  (20 000 ლარი).

მაისში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ჯამში, 1 957 899.07 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს შესწირეს. ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური პარტია [სახელმწიფო ხალხისთვის], ხოლო მესამეზე- გირჩი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com