ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს შეხვდება

6 ივნისი, 2016 • 1512
ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს შეხვდება

განათლების ახლად დანიშნული მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ აპირებს შეხვდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეტის თვითმმართველობის, ასევე, აუდიტორია 115-ის წევრებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებთან  შეხვედრას 7 ივნისს, 10:00 საათზე გამართავს.

ეს განცხადება მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში 6 ივნისს გააკეთა.

“ხვალ დილით, 10 საათზე ვიქნები სტუმრად აუდიტორია 115-ში და მგონია, რომ არა მარტო ხვალ დილით 10 საათზე, ძალიან ხშირად ვიქნები სტუდენტებთან სტუმრად, იმიტომ, რომ მგონია, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ამ ხალხთან სულ ვიმუშაო არა მარტო მაშინ, როდესაც კრიზისია, ან რამე სირთულეა, არამედ სულ,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე წინადადება, რის შეთავაზებასაც აპირებს, მინისტრმა განაცხადა, რომ  ხვალ აპრებს, უფრო მეტად სტუდენტებს მოუსმინოს და პრობლემის მოსაგვარელად მუდმივმოქმედი ფორმატის შექმნა შესთავაზოს:

“პირველ რიგში, რადგან ჩემთვის პირველი შეხვედრაა, ვაპირებ, რომ უფრო მეტი მოვუსმინო, ვიდრე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ეს აკლია ხოლმე ჩვენს რეალობაში მოლაპარაკებას და სტუმრობას. ამიტომ ხვალ მთავარი გეგმა მაინც არის, მოვისმინო და ვაპირებ განვაახლო ის შეთავაზება, რაც პრემიერმა გააჟღერა თავის დროზე, რომ შეიქმნას არა ერთჯერადი, არამედ მუდმივმოქმედი პლატფორმა, ფორმატი, სადაც ჩვენ შევძლებთ ყველა მხარე ჩავრთოთ,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა თვითმმართველობასთან შეხვედრას, მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვდება ყველა მხრეს.

“აუცილებლად ვგეგმავ ყველა მხარესთან, აბსოლუტურად, ვინც არის ჩართული უნივერსიტეტის მართვაში და უნდა იყოს ჩართული, აუცილებლად მექნება შეხვედრა,”- განაცხადა მან.

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” განათლების სისტემის სიღრმისეულ რეფორმასა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი