ახალი ამბები

კანონპროექტი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

6 ივნისი, 2016 • 3075
კანონპროექტი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

პაატა კიკნაველიძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომლის მიზანია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობათა ახლებური გადანაწილება.”

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია ან გარდაცვლილად გამოცხადებული და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მათგანს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (სარჩელი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ).   უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარგებლეს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

პროექტით, მოქმედი კანონის მსგავსად, მოსარგებლეები იყოფიან სამ კატეგორიად: 1) პირები, რომლებიც საცხოვრებელ სადგომს ფლობენ სანოტარო წესით დაუმოწმებელი, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; 2) პირები, რომელთაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით და 3) პირები, რომელთაც იგივე უფლება მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

პროექტის თანახმად, პირველ ორ კატეგორიას მიკუთვნებული მოსარგებლეები, თავის მხრივ, იყოფიან ორ ქვეკატეგორიად მფლობელობის ხანდაზმულობის მიხედვით, კერძოდ, იმის შესაბამისად, მათი მფლობელობა 30 წელზე მეტია თუ ნაკლები. ამ ნიშნით წესდება განსხვავებული მიდგომები თითოეულ ქვეკატეგორიას მიკუთვნებულ მოსარგებლეთა მიმართ.

კანონპროექტით,  თუ მხარეთა შორის არსებობს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შესრულებულია ორივე მხარის მიერ (ნასყიდობის ფასის გადახდა, ნივთის გადაცემა) და, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან გასულია არანაკლებ 30 წელი, სასამართლოს შეუძლია ნასყიდობის ხელშეკრულება ცნოს დადებულად. ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლე მოიპოვებს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, (1) ნასყიდობის თაობაზე მხარეთა წერილობითი ფორმით გამოხატული ნება, (2) მესაკუთრის მიერ ნივთის ფაქტობრივი გადაცემა, (3) მოსარგებლის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა და (4) ურთიერთობის ხანდაზმულობა, ერთობლიობაში, მიჩნეულია ისეთ გარემოებებად, რომლებიც ასწორებენ (გადაწონიან) გარიგების ფორმის ნაკლს და იწვევენ მხარეთა მიერ გარიგებით განსაზღვრული შედეგების სამართლებრივ აღიარებას.  ისეთ შემთხვევაშიც, როცა იმავე კატეგორიის ურთიერთობის ხანდაზმულობა 30 წელზე ნაკლებია, მოსარგებლეს ენიჭება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნის უფლება, ოღონდ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის პირობით.

ცვლილებების მიხედვით, მოსარგებლეს, რომელიც არანაკლებ 30 წლის მანძილზე უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ენიჭება უფლება, მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, მისი ღირებულების 25%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის პირობით. ამასთან, თუ საცოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე მოსარგებლეს მესაკუთრისათვის გადახდილი აქვს გარკვეული თანხა, სასამართლოს, თანხის ოდენობის გათვალისწინებით, შეუძლია, კომპენსაციის ოდენობა შეამციროს 15 პროცენტამდე. იმისათვის, რომ კომპენსაციის გადახდის პირობით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის ან გამოსყიდვის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მხრიდან გამოირიცხოს უფლების ბოროტად გამოყენება, წესდება 18- თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობა. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა მესაკუთრე წერილობითი ფორმით გამოხატავს ნებას, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. განმარტებითი ბარათის თანახმად,  ზემოაღნიშნული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და მისი უშედეგოდ გასვლა მოსარგებლეს უსპობს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის/გამოსყიდვის მოთხოვნის უფლებას. ამავდროულად, მესაკუთრეს ენიჭება უფლება, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 50%-ის ოდენობით კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ (ამჟამად არსებული 90%-ისა და 75%-ის ნაცვლად), მოსარგებლეს მოსთხოვოს მფლობელობის შეწყვეტა.

იმ მოსარგებლესთან მიმართებაში, რომელიც 30 წელზე ნაკლები ვადით ფლობს საცხოვრებელ სადგომს და მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, შენარჩუნებულია მოქმედი კანონით გათვალისწინებული წესი. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს მას მფლობელობის შეწყვეტა, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის გადახდის პირობით. ამავე დროს, იმისათვის, რომ მუდმივად არ იმყოფებოდეს სამართლებრივად განუსაზღვრელ მდგომარეობაში, ამ კატეგორიის მოსარგებლეს ენიჭება უფლება, თავად მოსთხოვოს მესაკუთრეს კომპენსაციის გადახდა. თუ მესაკუთრე ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 18 თვის ვადაში არ განახორციელებს თავის უფლება- მოვალეობას, მოსარგებლეს წარმოეშობა უფლება, მოსთხოვოს მესაკუთრეს საცხოვრებელი სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, მისი ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

“მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების მიზნით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სარჩელების მიმართ წესდება სპეციალური მოთხოვნები. კერძოდ, ყველა ასეთ სარჩელს თან უნდა ერთვოდეს საცხოვრებელი სადგომის ღირებულების დამდგენი საექსპერტო დასკვნა. ამასთან, როცა უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია სანაცვლო კომპენსაციის გადახდაზე, თანხა წინასწარ უნდა იყოს დეპონირებული, ხოლო სარჩელს ახლდეს შესაბამისი მტკიცებულება. ამავე დროს, როცა სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის თანხა აღემატება მხარის მიერ მითითებული და დეპონირებული კომპენსაციის ოდენობას, მათ შორის სხვაობის ფარგლებში, საცხოვრებელი სადგომი იტვირთება კანონისმიერი იპოთეკით,” – აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.

პროექტის თანახმად, კანონის რეგულირების სფერო განისაზღვრა 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე (ნაცვლად 1996 წლის 27 ივნისისა) პერიოდში წარმოშობილი ურთიერთობებით და, შესაბამისად, ვადის ბოლო თარიღი დაუკავშირდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის და არა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის მიღების თარიღს.

კანონპროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდება საქართველოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“.

კანონპროექტს დღეს, 6 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი