ახალი ამბები

მეჭიაურის ახალი პარტიის სახეები

6 ივნისი, 2016 • 2470
მეჭიაურის ახალი პარტიის სახეები

საქართველოს პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა თავისი ახალი პარტიის გუნდი წარადგინა. პარტია სახელწოდებით  “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” დეპუტატმა მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც “ქართული ოცნება” დატოვა. “ოცნების” დატოვება კი მის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარყოფითმა განცხადებებმა გამოიწვია, რასაც თან სდევდა “რესპუბლიკური” პარტიის წევრთან მისი ღია კონფრონტაცია და დაპირისპირება.

მეჭიაურის ახალი პარტიის სახეები არიან კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, პროფესიით ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და ა.შ.

“ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიტანე განაცხადი და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ შემდეგი სახელწოდებით: თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის. პარტიის მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით გარედან რომელიმე ქვეყნის ჩარევაზე- არც დასავლეთიდან, არც ჩრდილოეთიდან. ჩვენი ყოველი ნაბიჯი იქნება მიმართული საქართველოს მთავარი ინტერესისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ასევე, სამართლიანობისკენ, იმ ტრადიციების შენარჩუნებისკენ, რომელიც დღემდეა მოტანილი,”- განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, პარტია ამ მიზნების მისაღწევად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან ითანამშრომლებს. რაც შეეხება დაფინანსებას, დეპუტატის თქმით, პარტიის დამფინანსებელი ადგილობრივი ბიზნესი იქნება:

“თანდათან რეგიონების მიხედვით გამოვაცხადებთ ხელმძღვანელებს. საქართველოსი არიან არცთუ ისე ღარიბი პიროვნებები, ზოგი თავის რეგიონს მოუვლის, ზოგი დაგვეხმარება, საქართველოში მცხოვრებ ბიზნესმენებზე ვსაუბრობ. წინასწარ არ მინდა დასახელება. უკვე რამდენიმე ოფისი შემოგვთავაზეს. კიდევ მოლაპარაკებები გვაქვს მეგობარ პარტიებთან, რომლებიც გვთავაზობენ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და ჩავატაროთ არჩევნები. საარჩევნო ბლოკზე არ არის საუბარი,” – განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური აღნიშნავს, რომ  პარტია ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს საგარეო კურსისი მიმართულებით. გარდა ამისა, ამ ოპონირების  კონტექსტში მეჭიაური სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს:

“ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლიანობა, სამართლიანობა ძალიან უმნიშვნელოდ აღდგა. ეს დესტაბილიზაციის საფრთხეა, რომელსაც შეიძლება საშემოდგომო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდეს. ბევრ ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე წინა ხელისუფლებამ და დაუსჯელად დადიან ასეთი ადამიანები. როდესაც მსხვერპლი დამნაშავეს სადმე გადაეყრება, გამორიცხული არ არის, ისეთ ინციდენტს ჰქონდეს ადგილი, რაც კორცხელში მოხდა.”

თამაზ მეჭიაური დარწმუნებულია, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში გადაწყვეტილებებს მისი პარტიის გარეშე ვერ მიიღებენ:

“ჩვენი მიზანი არ არის გამარჯვება. ჩვენ ახლად შექმნილი პარტია ვართ და შეიძლება ვერ მოვახერხოთ იმდენი ხმის აღება, რამდენიც ამ [პარტიის] იდეას უჭერს მხარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო პარლამენტში ისე ვიქნებით წარმოდგენილი, რომ ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ,” – განაცხადა მეჭიაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი