ახალი ამბები

ივანიშვილის პასუხები ”ფეისბუქის” მომხმარებლებს

26 დეკემბერი, 2011 • 975
ივანიშვილის პასუხები ”ფეისბუქის” მომხმარებლებს

”ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, კრიმინალს და კრიმინალურ ტრადიციებს საქართველოში არ გავახარებთ, მაგრამ ამავდროულად არ დავუშვებთ, რომ ამ ბრძოლის დროშას ამოფარებულმა ჯგუფებმა პოლიტიკური რეპრესიები წამოიწყონ.  არ შეიძლება  ებრძოლო ქურდულ სამყაროს ისე, რომ ბოლოს თავად ”მოჯდე ქურდად”- ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი ”ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი დღეს არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას ”კანონიერი ქურდების” მიმართ.

ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდზე მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა დღეს განაახლა. პოლიტიკოსმა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის ამ ფორმას პირველად 2 დეკემბერს მიმართა. შეკითხვები მაშინაც და ახლაც სხვადასხვა სფეროსადმი ივანიშვილის დამოკიდებულებას ეხება.

მაგალითად, ერთ-ერთ ადამიანს აინტერესებს, რას ნიშნავს ქართული ოცნება, რადგან ოცნებას ეროვნება არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილმა ამ შეკითხვაზე შემდეგნაირად უპასუხა:

” ქართული ოცნება მრავლისმომცველი ტერმინია, ქართული ოცნება საქართველოს ქართველი ხალხისთვის დაბრუნება, განვითარება და გაძლიერებაა. ამ ტერმინში იგულისხმება არა მარტო საერთო ოცნება საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოზე, სამართლიანობისა და დემოკრატიულ გარემოზე, არამედ თითოეული ჩვენგანის ოცნება, ჩვენი თვითრეალიზაციის საშუალება, როდესაც ადამიანის წარმატების წინაპირობაა მისი პატიოსნება, ღირსება, ცოდნა და პროფესიონალიზმი”.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”ქართული ოცნების” რეგიონული ოფისები 2012 წლის მეორე ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება და იმუშავებს.

ივანიშვილმა ”ფეისბუქის” მომხმარებლებს გააცნო საკუთარი ხედვა ნარკოტიკებთან ბრძოლის, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისა და ზრუნვის თვალსაზრისით.

ივანიშვილის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლა 3 მიმართულებით უნდა განხორციელდეს– სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინება და დამზადება, ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად უნდა არსებობდეს შესაბამისი პროგრამები წამალდამოკიდებულთა სამკურნალოდ და მათ საზოგადოებაში დასაბრუნებლად, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ჯანსაღი ცხოვრების წესს პროპაგანდა ერთობლივად უნდა გაუწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი