ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ახალი საქართველო – ესაა ეკონომიკური სასწაული

5 ივნისი, 2016 • 1650
გიორგი ვაშაძე: ახალი საქართველო – ესაა ეკონომიკური სასწაული

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკური პლატფორმის “ახალი საქართველოს” დაფუძნების ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ შეკრებულ მხარდამჭერებს “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმართა სიტყვით:

“ძალიან მაგარია, რომ ბოლომდე ვდგავართ ერთად და ბოლომდე ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთად, იმიტომ, რომ გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე პირველი განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. იმ მომენტში ჩემ გვერდით იდგა სულ რამდენიმე თანამოაზრე, მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი. იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, გონიერი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. უამრავი ადამიანია, რომელსაც აქვს ახალგაზრდული ჟინი, ზრდასრულის სიდინჯე, გონიერება და პროფესიონალიზმი, რომელსაც ყელში ამოუვიდა პოლიტიკოსების ეგოცენტრიზმი, უუნარობა, თავგასულობა და აღარ უნდათ იყვნენ მათი ხუშტურებისა და კაპრიზების მძევალი.

ამ ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება ან დაყვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო. სამშობლო, სადაც მშვიდად, თავისუფლად, ლაღად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ, გაზრდიან შვილებსა და იხალისებენ შვილიშვილებთან ერთად, ექნებათ თავიანთი საქმე, რომელიც ეყვარებათ, რომელიც დაუბრუნებს სამუშაო ადგილებს და მისცემს მათ ღირსეულ ცხოვრებას.

იმ დღიდან გავიდა დაახლოებით ერთი თვე, ჩვენ უკვე ათასობით ვართ. კახეთიდან და აჭარიდან, შიდა ქართლიდან და სამაჩაბლოდან, სამეგრელოდან და მესხეთ-ჯავახეთიდან, იმერეთიდან, აფხაზეთიდან და ქვემო ქართლიდან, გურიიდან და მცხეთა-მთიანეთიდან, სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და თბილისიდან, მოგესალმებით ყველას ერთად”, – ასე მიმართა ვაშაძემ თავის მხარდაჭერებს, რომლებსაც მადლობა გადაუხადა:

“მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, რომლებმაც პარადიგმა უკვე შეცვალეს, რომ პოლიტიკური ძალები აუცილებლად დიდი ფულით იწყებენ მოღვაწეობას, არა, ბატონებო! დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში 25 ოფისი და ეს ოფისები, დიდი მადლობა თქვენ, რომ გახსნილია თქვენს სახლებში.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, არა დაკეტილ დარბაზებში, როგორც ეს ჩვევიათ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ღია ცის ქვეშ და მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ცოტა ცუდი იყო, როგორც კი დავიწყეთ, გამოვიდა კაშკაშა მზე და ასევე გამოვა კაშკაშა მზე მთელ საქართველოში.

და მაინც რას ნიშნავს ახალი საქართველო? ახალი საქართველო არის არა სახელმწიფო მოძალადე, არამედ სახელმწიფო პლატფორმა – გლობალური სმარტ ჰაბი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის თვითრეალიზებისთვის, წარმოადგენს გლობალური საზოგადოების სრულუფლებიან წევრს. ახალი საქართველო – ეს არის ჩვენი წარსულის გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ახალი საქართველო – ეს არის წარმატებული და ღირსეული ადამიანების ქვეყანა. ახალი საქართველო – ეს არის თანამშრომლობა, ერთად შენება, სიყვარული, მეგობრობა და ოჯახების პატივისცემა და არა შური, ბოღმა და გაუტანლობა, რომელიც ასე ძალიან ამოგვივიდა ყველას ყელში. ახალი საქართველო- ესაა ინვესტიცია ერთ ადამიანში. ახალი საქართველო- ესაა ეკონომიკური სასწაული, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მისი თქმით, ამ პარტიას მართავს კულუარულად და კაბინეტურად რამდენიმე ადამიანი და მათ შორის დაასახელა გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, დავით ბაქრაძე. ვაშაძე დღეს აფუძნებს სამოქალაქო პლატფორმას “ახალი საქართველო”. ის თავის ახალ გუნდთან ერთად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ახალი პარტიის, "ახალი საქართელოს" დაფუძნებისთვის ღონისძიება გაიმართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მხარდამჭერებს პარტიის ხედვა გააცნო 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ახალი პარტიის, “ახალი საქართელოს” დაფუძნებისთვის ღონისძიება გაიმართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მხარდამჭერებს პარტიის ხედვა გააცნო 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი