ახალი ამბები

საპროტესტო აქციებით დატვირთული წელი ქართული მედიისთვის

25 დეკემბერი, 2011 • • 1505
საპროტესტო აქციებით დატვირთული წელი ქართული მედიისთვის

რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული მედია 2011 წელს, რა პრობლემების გადალახვა შეძლო და რას ვერ გაუმკლავდა, როგორი სამუშაო გარემო ჰქონდათ ჟურნალისტებს – ამ და სხვა საკითხებზე ”ნეტგაზეთი” იმ ადამიანებს ესაუბრა, ვინც მედიის საქმიანობას ყოველდღიურად აკვირდება და ჩართულია მის საქმიანობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ 2011 წელს ქართულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე მიშვნელოვანი ფაქტი ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით (სსკ-ის 314-ე მუხლი) დაკავება და გასამართლება იყო.

”ეს არ იყო მხოლოდ მედიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ეს იყო საზოგადოებრივი პროცესი, რომელმაც აჩვენა, რომ ხელისუფლებას ძალიან სურს ქვეყანაში შექმნას ძლიერი დამაშინებელი პროცესი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის სახით; რომ ადამიანებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა – ქვეყანაში არის შპიონაჟი და ჟურნალისტები არიან ძირითადად შპიონაჟით დკაავებული,”- განუცხადა ზვიად ქორიძემ ”ნეტგაზეთს.” ის მიიჩნევს, რომ ამ ფაქტს ”საკმაოდ კარგად და მეთოდურად” უპასუხა მედიამ.

”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელი ია ანთაძე ამბობს, რომ ფოტოგრაფების საქმესთან, ასევე, პრესის ჯიხურების ტენდერებთან, ”კვირის პალიტრასთან” დაკავშირებულმა სოლიდარობამ, ეთიკის ქარტიის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის წევრების მოზიდვამ და მუშაობამ აჩვენა, რომ ქართულ მედიაში 2011 წელს ეთიკურ მიმართულებას არ დაუკარგავს აქტუალობა.

ჟურნალისტთა სოლიდარობისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი. მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების, მედია ”პალიტრისა” და 26 მაისის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართულ მედიას შეუძლია გაერთიანება.

ნინო ზურიაშვილი 2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” შექმნას მიიჩნევს. მისი თქმით, ამ კოალიციის შექმნის შემდეგ, რომელშიც ჟურნალისტები, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაწევრიანებული, ქართული მედია უფრო ორგანიზებული გახდა. ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ კოალიცია კვირაში ერთელ იკრიბება, გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს და მიმდინარე მოვლენებზე ავრცელებს განცხადებებს. ეს პროცესი კი კოალიციის შექმნით უფრო გამარტივდა.

”ჟურნალისტებმა და მედიასთან დაახლოებულმა პირებმა პირველად შეძლეს, ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო ყველა მოვლენასთან დაკავშირებით სწრაფად გამოეხატა მოსაზრება. ეს მოსაზრება კი არ იყო ტენდენციური და განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი მედიის ინტერესებით.  ასეთი ორგანიზაცია ჩვენ აქამდე არ გვქონია. მე ვფიქრობ, ეს ორგანიზაცია გააგრძელებს მუშოაბას და მომავალ წელს უფრო  ქმედითი და ნაყოფიერი იქნება,” – უთხრა ია ანთაძემ ”ნეტგაზეთს.”

2011 წელს ქართულ მედიაში მომხდარ მოვლენებს შორის ჟურნალისტ ია ანთაძეს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია ტელეკომპანიების მფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამ კანონის მიხედვით, ყველა ტელემაუწყებელი ვალდებულია, საჯარო გახადოს მფლობელთა ვინაობა. ია ანთაძის აზრით, 2012 წლიდან გამოჩნდება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო კანონის ამოქმედება.

მისივე თქმით, 2011 წელს პრინციპულად არ შეცვლილა მედიის მდგომარეობა და მედიის რა სეგმენტსაც აკონტროლებდა ხელისუფლება, იმ სეგმენტს აკონტროლებს ახლაც.

ია ანთაძე ამბობს, რომ 2011 წელს მედიაორგანიზაციებს შორის კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია მოხდა. ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკურ სპექტრში  მოხდა რადიკალიზაცია, რაც პირდაპირ აისახა მედიაზე. მისივე მოსაზრებით, სანამ პოლიტიკაში არ იქნება პლურალიზმი, დაპირისპირებული ბანაკების ნაცვლად, მედიაც იქნება რადიკალური და არ იქნება დაბალანსებული.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებლის აზრით, ”მაესტროში” განვითარებულმა მოვლენებმა, პრესის დისტრიბუციის პრობლემებმა და სხვა პროცესებმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური სფეროს რადიკალიზაციას მოჰყვა მედიის თავისუფალ სეგმენტზე ზეწოლის გაძლიერება. ია ანთაძეს არ სჯერა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროში” შექმნილი ვითარება მხოლოდ ორ ადამიანს შორის არსებული პრობლემაა.

ია ანთაძის მოსაზრებით, მედიაში არსებული სიტუაციის ნათელი ილუსტრაციაა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა, რომელიც ქართულ მედიაში სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევა არაერთმა მედიასაშუალებამ მიიჩნია არაკვალიფიციურად, ია ანთაძე ამბობს, რომ ეს საერთო სურათს არ ცვლის, რადგან ჟურნალმა ”ტაბულამ” გააპროტესტა კვლევის ის ნაწილი, რომელიც მას ეხებოდა და კვლევაში არასწორ ფორმულირებებზე გაამახვილა ყურადღება.

”რაც შეეხება სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზების სქემას, ეს არავის გაუპროტესტებია და ეს მნიშვნელოვანია,” – უთხრა ია ანთაძემ ”ნეტგაზეთს”.

ია ანთაძის თქმით, 2011 წელს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გამოვიდა ინიციატივით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში შევიდეს ცვლილება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომ ბავშვთა საკითხების არაეთიკურად გაშუქების შემთხვევაში, გაიზარდოს დაინტერესებული მხარის ცნება.  ეს ნიშნავს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვთა საკთხებზე მუშაობენ, მიეცეთ უფლება, ტელეკომპანიების თვითრეგულირების ორგანოებში წარადგინონ საჩივრები ბავშვთა საკითხებზე მომზადებული სიუჟეტების გამო.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ამ ინიციატივას ყველა ტელეკომპანიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რაც, ია ანთაძის თქმით, ადვილი არ ყოფილა.

”ეს ნიშნავს, რომ ტელევიზიებმა გაიაზრეს ბავშვთა საკითხების გაშუქების დროს სტანდარტის დაცვის აუცილებლობა,”- უთხრა ჟურნალისტმა ”ნეტგაზეთს”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ძნელია მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი, როცა 26 მაისის მოვლენები მოხდა.

”26 მაისს ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორის ჟურნალისტები იყვნენ, ისინი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მე მესმის მთავრობის ლოგიკაც, რომელიც ამბობს, ჩვენ სად გავარჩიოთ მომიტინგე და ჟურნალისტი ერთმანეთისგან. თუმცა, ფაქტია, რომ ასე კომპლექსურად, ამ რაოდენობის ჟურნალისტები არც ერთი სხვა აქციის დაშლის დროს არ დაშავებულან,” – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისივე მოსაზრებით, მედიაში არსებული ბევრი პრობლემა 2012 წელსაც პრობლემად დარჩება. ეს არის პრესის დისტრიბუციისთვის შექმნილი პრობლემები, მედია ”პალიტრის” საგადასახადო შემოწმება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ასევე, ანძის ქსელის გაყიდვა. ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ანძის ქსელის გაყიდვა სამომავლოდ თბილისში ბაზირებულ ბევრ ტელე-რადიო მაუწყებელს შეუქმნის პრობლემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი