ახალი ამბები

ცაგარეიშვილი: “ნაციონალებს” რუსეთში რეგისტრირებული კომპანიებიც აფინანსებდნენ

23 დეკემბერი, 2011 • 1411
ცაგარეიშვილი: “ნაციონალებს” რუსეთში რეგისტრირებული  კომპანიებიც აფინანსებდნენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობის” დამფინანსებლებს შორის ისეთი კომპანიები არიან, რომლებიც რუსეთში არიან დარეგისტრირებულნი.

დეპუტატის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას” 2010 წელს  40 000 ლარი შესწირა შპს “პრომერ პლუსი”–მ, რომლის 100%-იან წილის მფლობელი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფრიდონ ქათამაძე. ასევე, 10 000 ლარით დააფინანსა შპს “მგსს საქართველომ”, რომლის 51% წილის მფლობელია მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა და რომელიც რუსეთის ფედერაციაშია რეგისტრირებული.  

გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია დაფინასებას ოფშორულ ზონებში რეგისტირირებული კომპანიების მიერ დაფუძნებული ე.წ. შვილობილი ფირმებისაგან იღებდა. დაფინანსება მიიღო მმართველმა პარტიამ ჩეხეთში, კვიპროსში, ლიტვაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში რეგისტრირებული იურიდიული პირების, ასევე, ვირჯინიისა და სეიშენის კუნძულებზე დარეგისტრირებული სუბიექტების მხრიდან დაფუძნებული შვილობილი კომპანიებისგან.

მისივე თქმით,  2010 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” სულ 12 667 503 ლარი შესწირეს. შემომწირველი იყო 434 იურიდიული და ფიზიკური პირი.

იმ იურიდიულ პირების ჩამონათვალი, რომელთა წილის მფლობელები უცხო ქვეყანაში რეგისტირირებული კომპანიები არიან, ცაგარეიშვილის ცნობით, ასეთია:

  • 50 000-ლარიანი შემოწირულობა გააკეთა შპს “ბლოკ ჯორჯიამ”, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი არის ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია;
  • შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” 100 000 ლარი შესწირა და, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ოფშორული კომპანია შპს “საერთაშორისო ბიზნეს კომპანია – გრინფილდ ფაინეშალ კორპორეიშენი”;
  • 25 000-ლარიანი შემოწირულობა აქვს გაკეთებული “უშბა დისტალერს”, რომლის 100%-იანი წილი “ჰასალბა ლიმიტედს” ეკუთვნის,
  • 17 000 ლარი შესწირა ლიტვის რესპუბლიკაში დარეგისტრირებულმა სს “კალანდამ”, რომელიც 100%-იან წილს ფლობს შპს “აჭარის ბუნებრივი აირი”-ში.
  • 17 500-ლარიანი შემოწირულება აქვს შპს “ბარვილ ჯორჯიას”, რომლის 100%-იან წილსაც ოფშორში რეგისტირებული კომპანია “ბარვილ ბლექსი შიფინგ ლტდ” ფლობს.
  • “კავექს ფოთი”, რომლის 14%-იან წილს ირლანდიაში რეგისტირებული შპს “რიჩმონდ კორპორეიშენ ლიმიტედი” ფლობს, ხოლო ასევე შემომწირველ შპს ბანექსის 9%-იან წილს, ვირჯიინის კუნძულებზე, კერძოდ კი ოფშორში რეგისტრირებული “ვორლიხ ინთერნეიშენალ ინქორპორეიშენი” ფლობს.
  • შპს “სთაილი”, რომლის 40%-იან წილს ნიდერლანდების მოქალაქე პიტერ სიმონ ბლაარი ფლობს.
  • შპს “მეტალექსი” რომლის 5%-იან წილს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომარ სარინი ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი