ახალი ამბებიხელოვნება

ჯავახეთში ვაზის ძველი ჯიშების გაშენება და სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

4 ივნისი, 2016 • 2536
ჯავახეთში ვაზის ძველი ჯიშების გაშენება და სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯავახეთში უძრავი ძეგლის, სოფელ ჭაჭკარის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება – კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

რევიტალიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, “თიბისი ფონდისა” და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

სოფელ ჭიჭკარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 04.06.16 ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია 0

სოფელ ჭიჭკარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 04.06.16 ფოტო: პრემიერის ადმინისტრაცია

“ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მაგალითი და ჩვენ არაერთ ასეთ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ბევრი პროექტი ყალიბდება დღეს – რაჭის განვითარების პროექტი, რომელიც შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ეხება, გვინდა მთა-თუშეთის აღორძინების ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სტრატეგიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და შენახვის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად, მიზანდასახულად განვახორციელებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც დღეს მოინახულა ისტორიული ძეგლი.

სამცხე-ჯავახეთში ასევე აღდგენილი “ხიზაბავრის მესხური ტერასების” ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი იწყება, ვაზის პირველი ნერგები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს. რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი