ახალი ამბები

ურთმელიძე, ალანია და გაბინაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

4 ივნისი, 2016 • 1555
ურთმელიძე, ალანია და გაბინაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებად დარეგისტრირდნენ

მოსამართლეები: თამაზ ურთმელიძე, თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ეწურებოდათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსში კვლავ დარეგისტრირდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე 2016 წლის 18-24 იანვარს 50 კანდიდატი დარეგისტრირდა.  საბჭომ ამ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარის შემოწმება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე მოსამართლის თანამდებობაზე ცაგერის რაიონულ სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა, 2010 წლიდან კი მივლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.  როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში არის მითითებული, თამაზ ურთმელიძეს კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეობა სურს.

თამარ ალანიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია, სააპელაციო სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა. მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, ან ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეობა სურს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია მოსამართლეთა კონკურსის წევრი მერაბ გაბინაშვილიც. იგი 2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მოსამართლედ იგი 2006 წელს დაინიშნა და 2006-2007 წლებში გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. მერაბ გაბინაშვილს მიმდინარე კონკურსში განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსმართლის ვაკანსიაზე აქვს შეტანილი.

მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით მინიმუმ 10 ხმით ნიშნავს. არსებული კანონმდებლობით, საბჭოს წევრებს არ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ მოსამართლეთა დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი