ახალი ამბები

საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება

3 ივნისი, 2016 • 1768
საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის  ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება.

კომისიამ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის საკითხი უნდა შეისწავლოს.  

იანვარში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები 3 გოგონა საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებს სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს.

კომისრის თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში  ფარგლებში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე საგამოძიებო ჯგუფის წევრებს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო საკითხების დეტალები განიხილა.

„ჩვენი ამოცანა ძალიან მარტივია – ჩვენ ვითხოვთ სრულ კოოპერაციას, სრულ თანამშრომლობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებისგან. იმ მასალებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია. ერთი კვირის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 3 ივნისს.

მისი თქმით,  თავად  ნიუ-იორკში მიემგზავრება.

“გაეროს შტაბ-ბინაში  ყველა იმ პირთან გავმართავ შეხვედრებს, რომელიც პასუხისმგებელი იყო  გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. უკვე მათგან მოვითხოვთ პასუხებს, რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა ამ ბრალდებების წაყენება. მცდარია, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც არ გაქვს მტკიცებულება, არ შეგიძლია საქმესთან დაკავშირებით რამის წარმოდგენა და შენ თავს აძლევ უფლებას ასეთი ტიპის განცხადებები აკეთო კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით. არ არსებობს კოლექტიური ბრალი, ვიღაც ადამიანმა ან ჩაიდინა დანაშაული, ან – არა. ამიტომ ჩემი ამოცანა ძალიან მარტივია – ერთი მხრივ, გუნდი ცენტრალურ აფრიკაში შეეცდება ყველა ინფორმაცია წამოიღოს, რაც კი ადგილზე არსებობს. მე უკვე გაეროში შევეცდები მივიღო მათგან პასუხები იმისათვის, რომ ეს თემა ძალიან მალე დავასრულოთ და ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა დავამტკიცოთ,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.   

საგამოძიებო ჯგუფში შედიან  თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები,  ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი.

თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას გაუწევს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი