ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს გირაო შეუფარდა

3 ივნისი, 2016 • 1588
სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს გირაო შეუფარდა

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს ცნობით, დღეს, 3 ივნისს, მოსამართლე ნატრული აკობიამ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

კერძოდ,  ხუთ ბრალდებულს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ეს პირები საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არიან ბრალდებულები. ხოლო  239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ბრალდებულ ვლადიმერ გ.-ს სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 239 -ე მუხლი არის ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;

გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ამოიცნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი