ახალი ამბები

სააკაშვილი: უკლებლივ ყველას ყველა კბილის პრობლემა გადავუწყვიტოთ

21 დეკემბერი, 2011 • 1289
სააკაშვილი: უკლებლივ ყველას ყველა კბილის პრობლემა გადავუწყვიტოთ

“გამოვყოფთ თანხას, ვამზადებთ დენტისტებს, უკლებლივ ყველას ყველა კბილის პრობლემა გადავუწყვიტოთ. იმიტომ, რომ მინდა, რომ ქალბატონი ეთერი და სხვები იღიმებოდნენ ბევრად უფრო მეტს. ამიტომ დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და ჰქონდეთ სურვილი, რომ სულ იღიმებოდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის სათნოების სახლში ხანდაზმულებთან ერთად სადილის დროს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია ახალი საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია, სახელწოდებით – „ღიმილიანი საქართველო“. პროგრამა სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის დავალებით, საქართველოში იმ ადამიანთა სრული აღრიცხვა დაიწყება, რომლებსაც ამ მხრივ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

“ახალმა პროგრამამ „ღიმილიანი საქართველო“ ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას. თავის მხრივ, ეს პროგრამა დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმის სათნოების სახლის ერთ–ერთ ბენეფციარ ხანდაზმულ ქალბატონს პირობა მისცა, რომ ახალი პროგრამის შედეგად, მაქსიმუმ ერთ თვეში “ჰოლივუდის კბილებიანი ღიმილი” ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი