ახალი ამბები

კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური არ გაერთიანების შესახებ”

21 დეკემბერი, 2011 • • 1568
კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური არ გაერთიანების შესახებ”

20 დეკემბერს პირველი მოსმენით მიღებულ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებას ბუნდოვანს უწოდებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პირველი მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით პოლიტიკური პარტიებისთვის შეწირულობის გაკეთება ეკრძალებათ შემდეგ პირებს:

  • იურიდიულ პირს, თუ ის პირდაპირ  ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ, ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან;
  • პირს, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის და მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე;
  • პირს, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან ურთიერთობაში მყოფი პირი;

ხოლო პარტიას ეკრძალება:

  • საარჩევნო კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან  არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება,  უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

 

  • პარტიას უფლება არ აქვს აიღოს სესხი/კრედიტი რომელიმე ფიზიკური, ან იურიდიული პირისაგან, გარდა კომერციული ბანკისა. კომერციული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათასს ლარს.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულობის მიღება, ან დამალვა გამოიწვევს:

აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების ათმაგი ოდენობით.

კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი მელაშვილი აღნიშნულ ცვლილებებს კანონში საკმაოდ უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შპს–ს წარმომადგენელი, რომელიც დააფიქსირებს პოზიციას რომელიმე პოლიტიკური პარტიის მისამართით, არსებობის მანძილზე ვეღარ შეძლებს კრედიტისა თუ სესხის აღებას.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია. კანონპროექტში წერია ასეთი რამ, რომ იურიდიული პირის წარმომადგენელმა, ან მასთან დაკავშირებულმა პირმა თუ მოუწოდა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარდაჭერა, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ამ იურიდიულ პირს აეკრძალება სესხის აღება, შემოწირულობების მიღება. ისმის კითხვა. რომელიმე თეატრის მსახიობმა რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მისამართით, ეს გახდება იურიდიული საფუძველი იმისა რომ, თეატრმა ვეღარ მიიღოს კერძო პირების შემოწირულობები, ვერ შეძლოს კრედიტის აღება, რაც არის სრული დისკრიმინაცია და საერთოდ აბსურდი. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე თვითონაც ჩამოყალიბებულები არ არიან.

თუ დავუშვებთ ამ რეგულირებას, მაშინ მივიღებთ ასეთ სურათს. იგივე შპს–ს მაგალითზე განვიხილოთ. თუ რომელიმე შპს–ს დირექტორმა ან მისმა შვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარს უჭერს ამა თუ იმ პარტიას, ეს შპს კრედიტს ვერ მიიღებს და რაც მთავარია ვადებში არ არის დაფიქსირებული ეს შეზღუდვა, ის ამ კრედიტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მიიღებს.

ამასთან დაკავშირებით მათ არანაირი არგუმენტი არ გამოუთქვამთ, მხოლოდ ჩაინიშნეს ჩვენი ეს შენიშვნა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მელაშვილმა.

თუმცა, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე  GRECO–ს რეკომენდაციებს უკავშირებს. მისივე შეფასებით, ეს ცვლილება ვინმეს შეზღუდვას არ უკავშირდება.

“ამ ცვლილების შემოღების ძირითადი მიზანი იყო საქართველოს კანონმდებლობასთან მოყვანა საერთაშორისო და კონკრეტულად, ევროსაბჭოს ნორმებთან. ამ ზაფხულს იყო ჩამოსული გრეკოს დელეგაცია. GRECO (ევროსაბჭოს ანტიკორუფციული კომისია) არის შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც რეკომენდაციებს იძლევა სწორედ ფულის  გათეთრების კუთხით, რადგან არ მოხდეს კანონმდებლობაში ნიშები, რითიც შესაძლებელი გახდება ფულის არალეგალური გადარიცხვები და ფულის გათეთრება. სწორედ, მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის მომზადებული ეს კანონი. კანონმა გაიარა ექსპერტიზა ვენეციის კომისიაში, ევროსაბჭოსა და ეუთოს შესაბამის ორგანოებში. დასკვნა არის საკმაოდ პოზიტიური. რაც შეეხება შენიშვნებს, კანონი ჯერ არ არის მიღებული. გუშინ მივიღეთ მხოლოდ პირველი მოსმენით და მზად ვიქნებით ვისაუბროთ ნებისმიერ შენიშვნასთან დაკავშირებით.

ამ კანონის მიღების მიზანი არ არის ვინმეს შეზღუდვა. ამ კანონის მიზანია ქართული კანონმდებლობა იყოს შესაბამისობაში ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო ნორმებთან,” – აღნიშნა ბაქრაძემ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავჯდომარის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარტიების დაფინანსების ნაწილი ბუნდოვანია და ეს უკავშირდება პარტიებთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ იურიდიული პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას.

“ეს შეიძლება იყვნენ კერძო კომპანიები, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებზეც დადგინდება, რომ რაღაცა კავშირი არსებობს პარტიულ საქმიანობასთან. შესაბამისად კანონში ეს ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია. არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაირკვეს ზუსტად რას გულისხმობს და რას კრძალავს აღნიშნული კანონი,” – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ამ საკითხებზე განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა, მან შეკითხვას, რა გახდა კანონში ნაუცბათევად შეტანილი ცვლილება, რომელმაც განსაზღვრა “ამომრჩევლის მოსყიდვასთან” დაკავშირული საკითხები, პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს და საკომიტეტო მოსმენაზე გახდება ცნობილი ეს საკითხი.

არის თუ არა მოსალოდნელი არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად გაზაფხულზე დაინიშნოს?

ირაკლი მელაშვილი არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას.

“არჩევნების ვადამდე ადრე დანიშვნის შესაძლებლობა არის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თუ კი 2012 წლის მაისში “მაპ”–ი ჩიკაგოში არ მოგვცეს და რამდენადაც მე ვიცი, მოცემას არც აპირებენ, შეიძლება სააკაშვილმა ჩათვალოს, რომ არა “მაპ”–ის არმოცემის ფონზე წავიდეს, არამედ მანამდე ჩაატაროს არჩევნები და თუ დარღვევბი მოხდება და ამას მოჰყვება პროტესტი მერე, დააბრალოს ოპოზიციას, რომ მათ გამო ვერ მივიღეთ “მაპ”–ი. ამიტომ  ყველაფერი შესაძლებელია ჩვენი ხელისუფლების ხელში. როდესაც ასეთ ცვლილებას მოამზადებს კანონმდებელი, იქ გამორიცხული აღარაფერია,” – აღნიშნა მელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი