რუსთავი 2-ის ადვოკატები სასამართლო სხდომიდან გააძევეს

თბილისის სააპელეციო სასამართლოს კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, დღევანდელი სხდომიდან გააძევა რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი, ხოლო ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ჯერ 500 ლარით დააჯარიმა და შემდეგ ისიც გააძევა იმ მოტივით, რომ მოსართლეებმა მიიჩნიეს, რომ ადვოკატებმა უპატივცემულობა გამოიჩინეს სასამართლოს მიმართ.

ადვოკატების მიმართ სანქციების გამოყენებამდე, დღევანდელი სხდომიდან მოსამართლეებმა გააძევეს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.

საქმე ის არის, რომ რუსთავი 2-ის მხარემ მოითხოვა დღევანდელ სხდომაზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაშვება, რომელიც მოსამართლემ წინა, 31 მაისის სხდომიდან გააძევა. მოსამართლე ნაზღაიძის თქმით, წინა სხდომაზე მათ განაცხადეს, რომ თუკი გვარამიას სურდა სხდომაზე დასწრება, მას უნდა მიემართა მოსამართლეებისთვის წერილობით, რაზეც ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა უპასუხა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ წერილობითი მიმართვა. ამაზე უარი განაცხადეს მოსამართლეებმა.

ადვოკატებმა მოსთხოვეს მოსამართლეებს, რომ კონკრეტული მუხლი მიეთითებინათ, რომელიც ავალდებულებს მხარეს ასეთ წინასწარ წერილობით შეტყობინებას, თუმცა მოსამართლეებმა ასეთი მუხლი არ დაასახელეს და არც გვარამიას სხდომაზე დაშვების შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. ადვოკატები სხდომაზე გვარამიას დასწრებას ითხოვდნენ იმისთვის, რომ მას ეპასუხა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე, რითაც მოსამართლემ, თავის მხრივ, პასუხი გასცა გვარამიას ბრალდებებს, რომლის თანახმად, მოსამართლე გუჯაბიძემ ჩაიდინა სავარაუდო თაღლითობა, რადგან მისთვის ბინის ქირის თანხას იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტი მაშინ, როცა ის რეალურად ცხოვრობდა სახლში, რომელიც არის დედამისის სახელზე.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა გვარამია არ შეუშვეს პროცესზე, ტვ “საქართველოს” მფლობელების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა დაიწყო მოსამართლე ნათია გუჯაბიძისთვის პასუხის გაცემა, რა დროსაც სხდომა დაატოვებინეს თამარ კინწურაშვილს. გუჯაბიძის თქმით, მან გაიგონა, თუ როგორ თქვა კინწურაშვილმა სიტყვა – უსირცხვილო და ამაზე განმარტება მოსთხოვა. თავის მხრივ კინწურაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო არ აძლევდა მხარეს პასუხის გაცემის უფლებას.

საბოლოოდ რუსთავი 2-ის ადვოკატები სხდომიდან გააძევეს. ამის გამო ზაზა ბიბილაშვილმა, საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოითხოვა სხდომის გადადება, რაც არ დააკმაყოფილეს მოსამართლეებმა. მათი თქმით, იმ ნაწილში – წილების მფლობელების საკითხზე, რაზეც საუბრობს სხდომაზე დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რუსთავი 2 მხარეს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი უფლებები არ დაირღვევა.

სასამართლოს სხდომის დარბაზის გარეთ იმყოფება ნიკა გვარამია, რომელიც მოსამართლეებს “სამარცხვინოს” უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

“რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია – ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით.

დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსთავი 2-ის ადოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ელოდებიან, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თვითონ აიცილებს მათ საქმეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო უკვე დაასრულა ტვ “საქართველოს” მფლობელების, ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატების ახსნა-განმარტების მოსმენა. დღეს თავისი სიტყვა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ უნდა თქვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com