ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებენ

3 ივნისი, 2016 • 1314
“თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებენ

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქცია საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებენ. ამის შესახებ შალვა შავგულიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.  მისი თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები კანონში რაღაცას აუმჯობესებს, მაგრამ ეს, მისი თქმით, ქვეყანაში სამართალწარმოების გაუმჯობესებისთვის საკმარისი არ არის:

“ძალიან კარგია, თუ პოზიციების თანხვედრაა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, მაგრამ ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ არ ზიანდება ის საქმე, რა საქმესაც ემსახურება ეს შენივნები და ეს მსჯელობა პარლამენტში. “თავისუფალ დემოკრატებს”  მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები გარკვეულწილად რაღაცას აუმჯობესებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არათუ კონსტიტუციური სამართალწარმოება გაუმჯობესდეს ქვეყანაში, არამედ არ გაუარესდეს დღემდე არსებული ვითარება, რაც ძალიან გაუარესდა პარლამენტის მიღებული ამ კანონით, რომელსაც ვეტო დაედო. ”

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის პოზიციებს პრეზიდენტის შენიშვნები სრულად არ ასახავს:

“მიგვაჩნია, რომ გარკვეულ საკითხებში პრეზიდენტის შენიშვნები სრულყოფილად არ ასახავს ვენეციის კომისიის პოზიციებს, ხოლო გარკვეულ საკითხებს საერთოდ არ ეხება, რაც მკაცრად არის გაკრიტიკებული ვენეციის კომისიის მიერ.  სწორედ ამიტომ ვერ გავიზიარებთ ამ შენიშვნებს,”- აღნიშნა შავგულიძემ.

პრეზიდენტის ვარიანტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ რესპუბლიკელები. თამარ ხიდაშელის განცხადებით, არსებობს მხარდაჭერის ალბათობა, რადგან შემოთავაზებული ვარიანტი პარლამენტის მიერ მიღებულს სჯობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კანონი არსებითად არ უმჯობესდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვემი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებებს ელოდა, ვიდრე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

ვენეციის კომისიის აზრით, კანონიდან უნდა ამოიღონ ისეთი პუნქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას რისკის ქვეშ აყენებს.

ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უზღუდავს უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე:

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი