ახალი ამბებისაზოგადოება

კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა

3 ივნისი, 2016 • 2898
კვირიკაშვილმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა

დღეს, 3 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან დაითხოვა.

პრემიერ-მინისტრს არ განუმარტავს საკადრო ცვლილებების მიზეზი,  თუმცა აღნიშნა, რომ თამარ სანიკიძე არ ტოვებს “ქართული ოცნების” გუნდს და ახლო მომავალში ექნებათ საუბარი “მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშნელოვანი”. კვირიკაშვილმა სანიკიძეს მადლობა გადაუხადა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისთვის.

თამარ სანიკიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 2013 წელს დანიშნეს, როცა მისი წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი  პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების  მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა. იგი მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარეა.

პრემიერის თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს მართვის 20-წლიანი გამოცდილება. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ჯეჯელავას აქვს დიდი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში, იმ მიმართულებებით, რომლებიც ეხმიანება მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას.

“მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე. ბატონ ალექსანდრეს გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად. საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი კანდაიდტურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი