ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილები ოთხდღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ

5 ივნისი, 2016 • 1728
დევნილები ოთხდღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ

2016 წლის აპრილის ოთხდღიანმა სამხედრო მოქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხაზთან დევნილთა ახალი ტალღა წარმოშვა.

აპრილის დასაწყისში არარატ სარგსიანის ათსულიანი ოჯახი სოფელ თალიშიდან უკვე მეორედ გახდა დევნილი. პირველი დევნილობა 1991-1994 წლებში გამოცადეს. 90-იან წლებში, საკუთარ სოფელში დაბრუნების შემდეგ ცხოვრება ხელახლა დაიწყეს. 2016 წლის აპრილში ისევ დევნილები გახდნენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორი იქნება მათი მომავალი. ჯერჯერობით სოფელში, რომელიც აზერბაიჯანული სამხედრო პოზიციების სამიზნეა, ვერ დაბრუნდებიან.

2016 წლის 2 აპრილის ღამეს აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღ-აზერბაიჯანის შეხების მთელ ზოლზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები დაიწყო, რის შედეგადაც ორივე მხარემ მრავალრიცხოვანი დანაკარგი განიცადა – დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რაოდენობამ რამდენიმე ასეული შეადგინა. ამავდროულად, ოთხდღიანი საბრძოლო მოქმედებების დროს ყარაბაღის მხარემ რამდენიმე სამხედრო პოზიცია დაკარგა.

არარატ სარგსიანი ამბობს, რომ შეირაღებული დაპირისპირების დროს მარდაკერტის რაიონის სოფელ თალიშში 2 აპრილს ოჯახის წევრებმა ნაწილ-ნაწილ დავტოვეს სახლი.

“2 აპრილს 104 წლის დედა სახლიდან ხელში აყვანილი გამოვიყვანე. სროლების დროს სახლების კედლებს ვეფარებოდით. როგორც იქნა, დღის ბოლოს შაუმიანის რაიონის სოფელ ნორ კარაჩინარში და შემდეგ უკვე სტეპანაკერტამდე მივაღწიეთ”.

სახელმწიფომ სარგსიანების ოჯახს დროებით თავშესაფრად სტეპანაკერტში სასტუმრო “ერევანი” შესთავაზა.

როგორც არარატ სარგსიანი ამბობს, “წითელმა ჯვარმა” ოჯახის თითოეულ წევრს 75 ათასი დრამის ოდენობით [150 აშშ დოლარი] გადასცა. “წითელი ჯვრის” გარდა, ფულად დახმარებას სომხების დახმარების კავშირმა გასცა. თითოეულ არასრულწლოვან შვილზე 20 ათასი დრამი – 40 აშშ დოლარი. ფინანსური დახმარება დევნილებს, ასევე კერძო შემოწირულობების სახით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა, სოფელ თალიშში დაბადებულმა მოქალაქეებმა გადმოურიცხეს. მოქალაქეებს მათთვის მეორადი ტანსაცმელიც მიაქვთ.

სასტუმრო “ერევანში” სარგსიანების გარდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან კიდევ ერთი ოჯახი ცხოვრობს. დევნილთა უფრო დიდი ნაწილი სხვა სასტუმროებში განათავსეს. ნაწილი აპრილის დასაწყისში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, სომხეთის დედაქალაქში გაემგზავრა.

იმის მიუხედავად, რომ დევნილები კვებას და ცხოვრების პირობებს არ უჩივიან, ჯერ კიდევ გაურკვეველია მათი მომავალი, დაბრუნდებიან თუ არა საკუთარ სახლებში.

დევნილთა საკითხებზე და მათთან დაკავშირებულ გეგმებზე ინფორმაციის მისაღებად ნეტგაზეთი მთიანი ყარაბაღის მთავრობას დაუკავშირდა.

პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის, არტაკ ბეგლარიანის განმარტებით, 2016 წლის აპრილის დღეებში 120-130 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. მათი ნაწილი სტეპანაკერტში, ნაწილი კი ერევანში იმყოფება:

“რესპუბლიკაში დარჩენილ დევნილთა დროებითი საცხოვრებლის საკითხები ასე თუ ისე მოგვარებულია. ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია მათი მუდმივი საცხოვრებლის საკითხებზე მუშაობით. შესაძლოა, ახალი სახლები შევთავაზოთ. ეს საკითხი განხილვის სტადიაშია. თუმცა ჩვენი პრიორიტეტი და დღის წესრიგი მათივე საკუთარი სახლების აღდგენაა”.

სოფელ თალიში, რომელიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა აპრილის დღეებში. დღესდღეობით იქ თითქმის არავინ ცხოვრობს. როგორც არარატ საგრსიანი ამბობს, მათ ქუჩაზე მხოლოდ ორი სახლი გადაურჩა დაზიანებას. დანარჩენი დაცხრილულია.

78 წლის ოლია აკოპიანი და მისი 80 წლის ქმარი 2 აპრილის შემდეგ სტეპანაკერტში, ნათესავთან ჩავიდნენ. მოგვიანებით სახელმწიფომ მათაც გამოუყო ოთახი სასტუმრო “ახტამარში”.

ოლია აკოპიანის თქმით, მათ სახლს ჭურვი მოხვდა.

“ხელისუფლება შეგვპირდა გარემონტებას, რამდენადაც საკუთარი ძალებით ამას ვერ შევძლებთ. ძალიან მინდა სოფელში, საკუთარ სახლში დაბრუნება. 58 წელი ვიცხოვრეთ იქ. მაგრამ ამბობენ, რომ ახლა სულაც არ არის დაბრუნება უსაფრთხო”.

13287976_1289992437691769_548894117_o

78 წლის ოლია აკოპიანი და მისი 80 წლის ქმარი

13313597_1289993367691676_1017184238_o

13287904_1289992417691771_1010844984_o

არმინე გაზარიანი ორსულადაა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ კონფლიქტის ზონაში, სტეპანაკერტში ჩამოვიდა. ხელისუფლებამ ისიც სასტუმროში შეასახლა.

13321017_1289992434358436_760819345_o

ლუსინე ბრუზიანი 5 შვილთან და დედასთან ერთად სასტუმროში ცხოვრობს, მისი ქმარი ჯარისკაცია და ამჟამად კონფლიქტის ზონაში მსახურობს. ოჯახმა სოფელი თალიში 2 აპრილს დატოვა. იქამდე სარდაფში იმალებოდნენ.

ლუსინე ამბობს, რომ 20 წელი ქირით ცხოვრობდნენ, საკუთარი სახლში კი, რომელსაც წლების განმავლობაში აშენებდნენ და რამდენიმე თვეში უნდა გადასულიყვნენ, აპრილის დღეებში, სამხედრო მოქმედებების დროს დაზიანდა.

1992-1994 წლებში ყარაბაღის ომის დროს დროს მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა. დევნილი ოჯახები საცხოვრებლად აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში – ბარდაში, განჯაში, მინგეჩაურში, აგჯაბედში, სუმგაითსა და ბაქოში, ასევე, სომხეთსა და რუსეთში გადავიდნენ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი