ახალი ამბები

“ბიზნესკონტაქტის” თანამშრომლებს “არჩევანში” მონაწილეობის გამო ხელშეკრულება შეუჩერეს

2 ივნისი, 2016 • 1386
“ბიზნესკონტაქტის” თანამშრომლებს “არჩევანში” მონაწილეობის გამო ხელშეკრულება შეუჩერეს

ტელეკომანია “მაესტროს” გადაცემების, “ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანი დილის” თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შრომითი ხელშეკრულება რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” მონაწილეობის გამო შეუჩერეს – ამის შესახებ ინფორმაციას გადაცემების იდეის ავტორი გიორგი ისაკაძე ავრცელებს.

არხის დირექტორის, ზურაბ ნაყეურის განცხადების ნაწყვეტიდან, რომელიც ისაკაძემ გაავრცელა, ასევე ცნობილი ხდება, რომ “მაესტრომ” უარი უთხრა გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად აღდგენის შესახებ.

“1. ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ.

2. მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება – აღადგინოს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად – 1ლარად.

განხილვის შედეგად გადაწყდა: – საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთ მოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე,”- ვკითხულობთ წერილის ნაწყვეტში, რომელიც გიორგი ისაკაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაოაქვეყნა.

31 მაისს გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ ტელეკომანია მაესტრომ ცალმხრივად გაუწყვიტა ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან. ისაკაძის თქმით, გადაწყვეტილება დათხოვნის შესახებ გუშინ, 30 მაისს, ჩააბარეს. ისაკაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მიიღო.

მიმდინარე წლის იანვარში გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) შეიძინა მაესტროს წილის 30%, რის შედეგად ის გახდა საკონტროლო პაკეტის (55%-იანი წილი) მფლობელი. გაჩეჩილაძის თქმით, ამ წილის შესაძენად თანხა მას ირაკლი რუხაძემ ასესხა. მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, ტელეკომპანია “იმედის” არაოფიციალური მმართველია, რასაც თავად რუხაძე და ტელეიმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე უარყოფენ.

ტელეკომპანია “მაესტროს” წილის 15%-ის მფლობელის, მამუკა ღლონტის და 5%-ის მფლობელის, ეკა აკობიას განცხადებით, “გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი