ახალი ამბები

ეუთო: პოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე

2 ივნისი, 2016 • 1687
ეუთო: პოლიტიკური დაძაბულობა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი საჭიროებათა შეფასების მისიის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებაზეც.

კერძოდ, დოკუმენტში საუბარია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაძაბულ ვითარებაში ჩატარდება. ასევე, ანგარიშში საუბარია სავარაუდოდ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასა და რუსთავი 2-ის საქმეზეც

ეუთოს საჭიროებათა შეფასების მისია თბილისში 26-29 აპრილს იყო ჩამოსული.

“2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პირველი შემთხვევა იყო. ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა და, შესაბამისად, მთავრობის ფორმირება შეძლო. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგემავენ.

პოლიტიკური დაძაბულობის ფონი, რომელზეც მომავალი არჩევნები ჩატარდება, გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, ყველაზე დიდ კერძო მაუწყებელთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავისა და უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვან პირებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ჩათვლით,”- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ერთი თავი მთლიანად მედიაგარემოს ეთმობა. კერძოდ, აქ საუბარია, რომ შეშფოთება იყო გამოხატული რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმიდნარე სასამართლო პროცესების შესახებ, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებს შეუქმნის არხის შესაძლებლობას, შეუფერხებლად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა.

როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, ეუთო/ოდირი უკვე დააკვირდა საქართველოში ჩატარებულ 12 არჩევნებს. ასევე აღნიშნულია, რომ შემფასებელთა მისია საქართველოში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი