ახალი ამბები

იან კელი რ2-ის საქმეზე: მიუღებელია საარჩევნო წელს მენეჯმენტისა და მესაკუთრეების ცვლილება

2 ივნისი, 2016 • 1408
იან კელი რ2-ის საქმეზე: მიუღებელია საარჩევნო წელს მენეჯმენტისა და მესაკუთრეების ცვლილება

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას ფიქრობს რუსთავი 2-ის საქმესა და ამ საქმის განმხილველ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიმართ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსამართლე თაღლითური გზით ახდევინებდა სასამართლოს ბიუჯეტიდან ბინის ქირის თანხას მაშინ, როცა ცხოვრობდა სახლში, რომელიც დედამისის სახელზეა რეგისტრირებული.

“ნება მომეცით, ორი ძალიან ზოგადი კომენტარი გავაკეთო. რამდენადაც ეს არის მიმდინარე სასამართლო პროცესი, არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულად სასამართლო პროცესის შესახებ, მაგრამ მსურს გავაკეთო ორი ძალიან ზოგადი კომენტარი: ერთი – უშუალოდ პროცესის შესახებ და მეორე – თავად იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება.

რაც შეეხება პირველ საკითხს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესის ობიექტურობა. მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი საქციელი, რომელიც ჩრდილს აყენებს სასამართლო მოხელეებს ან თავად ინსტიტუციას, სრულიად მიუღებელია. ეს მიუღებელი იქნება ამერიკაში და მიუღებელი უნდა იყოს აქაც, საქართველოში.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ნება მომეცით, ისევ ძალიან ზოგადად გიპასუხოთ, რადგან ჩემთვის ძალიან მიუღებელი იქნებოდა, თუკი კონკრეტულ სასამართლო საქმეს განვიხილავდი. ნება მომეცით, ნათლად გითხრათ, რას ვფიქრობ ამ საკითხზე და ნება მიბოძეთ, ეს ამერიკულ კონტექსტში გადავიტანო: თუკი საარჩევნო წელს, და ჩვენ ვიმყოფებით საარჩევნო წელში, ამერიკაში წამყვანი ოპოზიციური ტელევიზია ჩართული იქნებოდა სასამართლო პროცესში, რომელიც შეცვლიდა მის მესაკუთრეებსა და მენეჯმენტს, ეს მიჩნეული იქნებოდა, როგორც სრულიად მიუღებელი მოვლენა და ხელისუფლების სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო საარჩევნო წელს მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, თუკი ყველას აქვს წვდომა მედიაზე და ეს არის ისეთი საქმე, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანიას, რომელიც არის ოპოზიციის წამყვანი ხმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იქნებოდა სრულიად მიუღებელი და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც იქნება მიუღებელი – მენეჯმენტისა და მესაკუთრეების ცვლილება – და ვიმედოვნებ, ეს მიუღებელი იქნება აქაც, საქართველოში”, – განაცხადა იან კელი.

1 ივნისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის შესახებ განაცხადა, რომ კონფიდენციალური წყაროსგან მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს გუჯაბიძე “თაღლითობაში იყო შემჩნეული”.

ნათია გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და იმ კოლეგიის წევრია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს. სააპელაციო სასამართლო იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი