ახალი ამბებისაზოგადოება

დაპირისპირება კალათბურთის ფედერაციაში – სადავო ხელშეკრულება და პასუხი ბრალდებებს

6 ივნისი, 2016 • 1904
დაპირისპირება კალათბურთის ფედერაციაში – სადავო ხელშეკრულება და პასუხი ბრალდებებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და ფედერაციის გამგეობის წევრს ესპანურ კლუბთან, სასკი ბასკონიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ფედერაციის საქმიანობის დისკრეიტაციაში ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, კახა შენგელიასა და თემურ დათიკაშვილის ბრალდებებს ფედერაციის მიმართ პირადი ინტერესები უდევს საფუძვლად.

სკრფ-ის ვიცე რეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა ფედერაციაში დაკავებული თანამდებობები მაისის ბოლს დატოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ კალათბურთის ფედერაციის მიერ გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებები ფედერაციას აზარალებს და ბიუჯეტი არამიზნობრივად იფლანგება.

სკეფ-ის გამგეობის თავმჯდომარის, მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, ფედერაციის ყოფილი წევრები დიდუბისა და ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსების მათ განკარგულებაში გადაცემასა და მათი კლუბის “ვითას” ლობირებას ითხოვდნენ, რასაც სკეფ არ დაეთანხმა; შედეგად გაჩნდა დაპირისპირება ფედერაციის გამგეობის წევრებს შორის.

“ასეთი ქმედებები კახა შენგელიამ დაიწყო მას მერე, რაც დიდუბის საკალათბურთო დარბაზი გადაეცა ზაზა ფაჩულიას და იქ გაიხსნა სკოლა. შემდეგ ის, რომ ის გახდა საკალათბურთო კლუბ “ვითას” პრეზიდენტი. მათ არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდათ, რომ ამავდროულად ყოფილიყვნენ ფედერაციის გამგეობის წევრები. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. იმ დროს, როცა კლუბი “ვითა” გაწევრიანდა საკალათბურთო ჩემპიონატში და გახდა “ა ლიგის” მონაწილე, იმ დღიდან უნდა დაეტოვებინათ მათ თანამდებობები.” – აცხადებს გაბრიჩიძე.

ფედერაციის გამგეობის წევრები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ თემურ დათიკაშვილმა მოსთხოვა ფედერაციას, რომ კლუბი “ვითა” ლიგის გავლის გარეშე ჩარიცხულიყო საქართველოს “სუპერ ლიგაში” და ამ გზით მიეღოთ სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც “სუპერ ლიგის” ყველა მონაწილე კლუბი იღებს, რაზეც ასევე უარი განუცხადეს.

ამ ყველაფერს უარყოფს თემურ დათიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ კლუბის საკითხი გამგეობის წევრებმა თემის გადასაფარად გამოიგონეს. დათიკაშვილი 2014 წელს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ ორგანიზაცია სასკი ბასკონია S.A.D-ს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის ხელშეკრულებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პროგრამით კალათბურთელები არ სარგებლობენ.

“რაღაცით თავი ხომ უნდა გაიმართლონ? მათ 300 000 ევრო გადარიცხეს შარშან ესპანეთში და გაუშვეს 3 ბავშვი მოსამზადებლად. დღეს გამოაქვეყნეს სასკი ბასკონიას წერილი, სადაც წერია, რომ მათ მიიღეს მხოლოდ 1 ბავშვი. აქედანვე ჩანს, რომ ისინი ტყუიან. ამდენი თანხა არ სჭირდება 3 კაცის მომზადებას. რა შუაშია “ვითა” ან დარბაზი? “ვითას” შესახებ მე პრესის საშუალებით მოვითხოვე “ლაივქარდი” და არანაირ დაფარულ ლობირებას არ ჰქონია ადგილი. მითხრეს უარი და ეს იყო სულ,” – აცხადებს თემურ დათიკაშვილი.

თემურ დათიკაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ ფედერაციის წევრებმა ხელშეკრულება სხვებთან განხილვის გარეშე გააფორმეს.

“ფედერაციამ ეს ხელშეკრულება ისე გააფორმა, რომ გამგეობის წევრებთან არ შეათანხმეს. მის შესახებ მხოლოდ 2 კვირის წინ გავიგე მე პირადად. კახა შენგელიამ პირადი იურისტი აიყვანა, რომ მისი შინაარსი დეტალურად გაეგო,” – ამბობს თემურ დათიკაშვილი.

ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი აცხადებს, რომ შენგელია ხელშეკრულების გაფორმებაში თავადვე მონაწილეობდა და კარგად იცნობდა შეთანხმების პირობებს. შენგელიას განცხადების საპირისპიროდ, გაბრიჩიძემ ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც მათი თქმით, ბასკონიაში ჩატარებული შეხვედრებია ასახული.

ბასკური კლუბი ფედერაციის ყოფილი წევრების განცხადებას წერილით გამოეხმაურა, რომელშიც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში პროგრამით ესპანეთში 7 მოზარდი გაემგზავრება და ამ დრომდე თანამშრომლობა ხელშერულების პირობების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

კლუბი უარყოფს შენგელიასა და დათიკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტიპენდიანტი მოთამაშე იძულებული იყო გადაეხადა საცხოვრებელი ხარჯები.

“სინამდვილეში ამ მოთამაშეს არ მიუღია სტიპენდია და მშობლებმა გვთხოვეს დახმარება, რომ მისთვის მიგვეცა ოთახი. მას გადავახდევინეთ საცხოვრებლის და კვების ხარჯები, თუმცა არ მოვთხოვეთ მწვრთნელების, მომზადების და სპორტული ტანსაცმლის ხარჯების და ა.შ. გადახდა. საზოგადოდ, ჩვენ არ ვიქცევით ასე, მაგრამ ეს გავაკეთეთ საქართველოს პროექტთან თანამშრომლობის მიზნით.” – ნათქვამია წერილში.

მეორე მოთამაშემ კი სამედიცინო ხასიათის პრობლემების გამო რეკომენდაცია მიიღო, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში.

ფედერაციასა და ესპანურ კლუბს შორის გაფორმებბული შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. შეთანხმების პირველი ნაწილის თანახმად, წელიწადში საშუალოდ ორი ქართველი მოთამაშე ჩაირიცხება სკოლაში. შეთანხმების მეორე ნაწილის მიხედვით, ქართულმა მხარემ წელიწადში 200.000 ევროს უნდა გადაიხადოს პროგრამებში, რომლებიც ყოველწლიურად განხორციელდება – გაიწერება შიდა და საგარეო გეგმები.

ტრანსფერებთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმების ცაკლე პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ თუ ქართველ ბავშვებს ესპანური კლუბი გაყიდის, შემოსული თანხის 50%-ს გადმოსცემს ფედერაციას. თუ ამავე პროგრამაში მოხვედრილი უცხოელი ბავშვი გაიყიდება, იქიდან ფედერაცია მიიღებს 30%-ს.

გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, თუ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადაში სკეფ ტრანსფერებიდან შემოსული თანხით ვერ დაიბრუნებს მის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, კლუბი საკუთარი ხარჯებით დაფარავს თანხას.

“არსებობს ასევე სადაზღვეო გარანტიები. ეს არის ჩვენთვის წაუგებელი შეთანხმება. შემოსულ თანხას კი ისევ გავუნაწილებთ ქართულ კლუბებს,” – აცხადებს ქართველიშვილი.

თუმცა კახა შენგელიას და თემურ დათიკაშვილს მიჩნიათ, რომ იმავე თანხებით, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებით იხარჯება, საქართველოში უფრო მეტი ბავშვისა და პროფესიონალის მომზადებაა შესაძლებელი ადგილობრივი რესურსით.

ფედერაციის გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი სპორტსმენთა უფლებედამცველები იყვნენ და მოითხოვდნენ გამგეობის წევრების გადადგომას.

აქცია სკეფ-სთან

ახალგაზრდების აქცია სკეფ-სთან. 06.06.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი