ახალი ამბები

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს ითხოვს

2 ივნისი, 2016 • 1675
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს ითხოვს

კორცხელის ეპიზოდში ბრალდებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. ამის შესახებ დღეს, 3 ივნისს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა:

“ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 6 პირი მიცემულია პასუხისგებაში [სსკ-ს] 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ, დღეს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს გამოყენებას ითხოვს”, – თქვა შოთაძემ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარედგინა.

“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 24 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2016 წლის 1 ივნისს ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით”, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 239 -ე მუხლი არის ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;

გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერ ჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ამოიცნეს.  თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო იმის შესწავლა, ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა რიგითი ლაშა დვალიშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ძალადობაში. ინფორმაცია ინციდენტში მის მონაწილეობაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

კორცხელის მოვლენების შემდეგ ენმ-მ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

“ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე.  მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის საქართველოს ხელისუფლებაში, ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს.  ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას არჩევნებზე არას ეუბნება და ხელისუფლებას ამ არჩევანის წართმევა უნდა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ ამ ოხი წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე.   სანამ არ იქნება დადგენილი კორცხელის ინციდენტის დამკვეთი, ისევე როგორც არ იქნება დადგენილი იმ ადამიანების ვინაობა, ვინც იმ დღეს იძალადეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ სხდომათა დარბაზში,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი