ახალი ამბები

”ვიკილიქსის ” ინფორმატორის მაკომპრომეტირებელი ახალი მასალები

19 დეკემბერი, 2011 • • 998
”ვიკილიქსის ” ინფორმატორის მაკომპრომეტირებელი ახალი მასალები
ბრედლი მენინგი
ბრედლი მენინგი

სასამართლო გამომძიებელმა, რომელიც ვიკილიქსისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ბრალდებული ამერიკელი ჯარისკაცის, ბრედლი მენინგის საქმეს იძიებს, მის კომპიუტერში ათასობით საიდუმლო ფაილი იპოვა. აღმოჩენილ დოკუმენტებს შორისაა ანგარიშები გუანტანამოს ციხის პატიმრებზე, ამასთანავე, ამავე საპატიმროსთან დაკავშირებული დიპლომატიური მიმოწერა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ”გარდიანი” იტყობინება.

ბრედლი მენინგის კომპიუტერში აღმოჩენილი ათასობით დოკუმენტი იდენტურია იმ მასალებისა, რომლებიც ვიკილიქსმა რამდენიმე თვის მანძილზე გამოაქვეყნა.

კომპიუტერულ დანაშაულთა საგამოძიებო დანაყოფის აგენტი დევიდ შეივერი(David Shaver) აპირებს, რომ სასამართლოსაც მისცეს ჩვენება ჯაშუშობაში ბრალდებული 24 წლის უკვე ყოფილი არმიელის დანაშაულის დასამტკიცებლად.

გამომძიებელმა შეივერმა აღმოაჩინა, რომ ბრედლი მენინგის მიერ მიწოდებული საიდუმლო ინფორმაცია ჟულიან ასანჟმა ვიკილიქსზე 2010 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. გამოძიებისვე ინფორმაციით, ბრედლი მენინგს აშშ-ს ჯარში მსახურობისას ხელი მიუწვდებოდა ორ კომპიუტერზე,  რომელთაგან ერთი ჩართული იყო საიდუმლო ინფორმაციის მიმოცვლის სისტემაში. მენინგი იყენებდა სპეციალურ პროგრამას, რათა საიდუმლო ინფორმაციის დიდი ნაწილი სწრაფად ჩამოეტვირთა.

გამომძიებელმა ბრედლი მენინინგის კომპიუტერში აღმოჩენილ საიდუმლო არქივში ჯამში 251 ათასი საიდუმლო დოკუმენტი იპოვა, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის წერილები, გუანტანამოს მასალები და ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთსა და ერაყში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ამსახველი ვიდეომასალა.

ინფორმაცია მენინგის კომპიუტერში აღმოჩენილი მასალების შესახებ თავად ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა შაბათს, 18 დეკემბერს, გამართულ წინასასამართლო მოსმენაზე.

23 წლის ბრედლი მენინგი 2010 წლის ივლისში დააკავეს. მას ბრალი საიდუმლო მასალების გავრცელებაში ედება. მენინგმა ჯარში სამსახური რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაკავებამდე  სამშვიდობო მისიით ერაყში, ერთ-ერთ ბრიგადაში, იმყოფებოდა.  სამსახურიდან გამომდინარე, მას ხელი მიუწვდებოდა SIPRNet-ზე (the Secret Internet Protocol Router Network). SIPRNet არის აშშ-ს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების კომპიუტერული სისტემა, რომლის საშუალებითაც საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება ხორციელდება. ამ სისტემას დაახლოებით ნახევარი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ მასში განთავსებულ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ სახელმწიფო აგენტთა და სამხედროთა ძალიან სანდო, მცირე ჯგუფს მიუწვდება.

ერთ-ერთმა ამერიკელმა ჰაკერმა, ადრიან ლამომ, აშშ-ს ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრედლი მენინგმა SIPRNet-დან ჩამოტვირთული ინფორმაცია ვიკილიქსს მიაწოდა. მიწოდებულ ინფორმაციათა შორის იყო ამერიკელი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ამსახველი ვიდეოები და დიპლომატიური მიმოწერის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აშშ-ს ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2010 წლის 27 მაისამდე  გავრცელებული საიდუმლო მასალების ვიკილიქსისთვის გადაცემის გამო დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი