ახალი ამბები

ნიკა გვარამია: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის იდევნება

1 ივნისი, 2016 • 3934
ნიკა გვარამია: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობისთვის იდევნება

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვარამიას თქმით, კონფიდენციალური წყაროსგან მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს გუჯაბიძე “თაღლითობაში იყო შემჩნეული”.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო სახსრები. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ამ თანხებს ითვისებდა. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. იუსტიციის საბჭომ დაიწყო მოკვლევა. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, მოითხოვა საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. არათუ პროკურტაურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, არამედ სადისციპლინო დევნაზეც  და სადისციპლნო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე. ნათია გუჯაბაძეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს, რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩაითვლა ის ფაქტი, რომ გუჯაბიძე, როგორც მინიმუმ, ცრუობდა. მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, როგორც მინიმუმ, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას.

მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. რუსთავი 2 წინააღმდეგია, მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის ამავდროულად განსაკუთრებულად მოწყვლადიც არის  საქართველოს პროკურატურის მიმართ”, – განაცხადა გვარამიამ.

ნათია გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და იმ კოლეგიის წევრია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს.

სააპლეაციო სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც სასამართლოში აცხადებენ, ამ თემაზე ვრცელ განმარტებას სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი