ახალი ამბები

ინგლისელი მოგზაურისა და ლესბოსელი ავტორის ცხოვრება და მოგზაურობა კავკასიაში

1 ივნისი, 2016 • 3044
ინგლისელი მოგზაურისა და ლესბოსელი ავტორის ცხოვრება და მოგზაურობა კავკასიაში

გერმანელი მწერალი ანგელა შტაიდელე საქართველოში ენ ლისტერის ნაკვალევმა ჩამოიყვანა. დღიურების მწერალი, მოგზაური, მთამსვლელი ენ ლისტერი, ლესბოსელი, რომელიც არ მალავდა საკუთარ განსხვავებულობას, საქართველოში მოგზაურობისას, 1840 წელს გარდაიცვალა.

ანგელა შტაიდელე ენ ლისტერის ისტორიას იკვლევს, იგი საქართველოში სამი კვირის წინ ჩამოვიდა და მოიარა ის ადგილები, სადაც ლისტერი, როგორც თავის დღიურებში წერდა, იმყოფებოდა.

31 მაისს თბილისში, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიუნული ბიუროს ოფისში გამართულ შეხვედრაზე შტაიდელემ ისაუბრა ლისტერის მოგზაურობაზე სტეფანწმინდაში, თბილისში, გორში, უფლისციხეში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმში, ზუგდიდსა და ჯვარში.

ენ ლისტერისა და მისი “ცოლის” ენ უოკერის საქართველოში მოგზაურობა იყო ნაწილი იმ დიდი მოგზაურობისა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან, ჰალიფაქსიდან, მისი სახლიდან დაიწყო. მან მოიარა საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, დანია, სკანდინავია, რუსეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

ენ ლისტერი საქართველოში სტეფანწმინდიდან შემოვიდა. ალპინიზმის მოყვარულს მყინვარწვერი არ დაუნახავს, რადგან იმ დღეებში სტეფანწმინდაში ნისლიანი ამინდი ყოფილა.

ენ ლისტერის პორტრეტი ჯოშუა ჰორნერის შესრულებული. 1830 წელი

ენ ლისტერის პორტრეტი ჯოშუა ჰორნერის შესრულებული. 1830 წელი

საინტერესოა დუშეთში მცხოვრები ქალების ლისტერისეული შეფასება – “5 ქალი, მათი კაბები გამოკვეთს ჩამოწელილ მკერდსა და დიდ მუცელს. დიდი ინტერესით გასინჯეს ჩვენი ტანსაცმელი”.

შტაიდელე აღნიშნავს, რომ საინეტერესო სანახავი იქნებოდა, როგორ შეხვდნენ ბრიტანელი და ქართველი ქალები ერთმანეთს და როგორ აკვირდებოდნენ ერთმანეთის ჩაცმულობას.

საქართველოს მცხოვრებლების პირადი ჰიგიენის დაბალ ჰკულტურაზე ლისტერს არაერთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული. ასეთია მისი პირველი შთაბეჭდილება სტეფანწმინდაში, საქართველოში შემოსვლისთანავე, როცა ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ისინი არასოდეს იბანდნენ.

შტაიდელე განმარტავს, რომ ლისტერი სნობი იყო და ასეთივედ დარჩა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც – ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფდა – დიდგვაროვნად/არისტოკრატებად, როგორც თავად იყო, ან არადიდგვაროვნად – ასეთ ადამიანებს რაც შეიძლება დაბალ შეფასებას აძლევდა.

ენ ლისტერი და ენ უოკერი თბილისში 1840 წლის 22 პარილს ჩამოვიდნენ. როგორც ირკვევა, თბილისში არ იყო სასტუმრო, სადაც დაბინავებას შეძლებდნენ. მათ მასპინძლობას კავკასიის მთავარმართებელი ევგენი გოლოვინი და მისი მეუღლე უწევდნენ, მოსკოვში გაცნობილი მეგობრებისგან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.

ენ ლისტერმა თბილისში ნახა და გაიცნო 24 წლის ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელმაც ზუგდიდში, დადიანების რეზიდენციაში მიიწვია. ენ ლისტერი ზუგდიდში ეკატერინეს ესტუმრა, თუმცა მანამდე ენ უოკერთან ერთად ცხენზე ამხედრებულმა ონსა და ამბროლაურში იმოგზაურა.

საქართველოში მას არც ერთ ქალთან ჰქონია სასიყვარულო კავშირი, მიუხედავად მისი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებისა. თუმცა წუწუნებდა, რომ საქართველოში არ ჰქონდა არავითარი პრივატულობა.

ადგილი, სადაც ენ ლისტერმა ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დავიწყებული ფუფუნება გაიხსენა, დადიანების სასახლე იყო, სადაც მოხიბლული დარჩა სასახლის პირობებით. ამის მიუხედავად, ენ ლისტერი და ენ უოკერი დადიანების სასახლეში 2 დღით დარჩნენ, რადგან თავად მასპინძელი, ეკატერინე ჭავჭავაძე, ავადმყოფობის გამო სტუმრებისთვის ვერ იცლიდა.

13 აგვისტოს ენ ლისტერმა დადიანების სასახლე დატოვა და გზა მესტიისკენ ცხენზე ამხედრებულმა გააგრძელა, მის დღიურში ბოლო ჩანაწერი სწორედ 13 აგვისტოს არის დატოვებული. 22 სექტემბერს ქუთაისთან ახლოს გარდაიცვალა.

შტაიდელეს თქმით, იგი იმდენად დაუძლურებული იყო, რომ დღიურში, რომელსაც ყოველდღე ავსებდა, 13 აგვისტოს შემდეგ  ჩანაწერი აღარ გაუკეთებია. უცნობია, რისგან გარდაიცვალა ენ ლისტერი და იყო თუ არა მისი ავადმყოფობა დაკავშირებული დადიანების სასახლეში გავრცელებულ რაიმე ინფექციასთან.

ენ ლისტერის ცხედარი მისმა საყვარელმა ენ უოკერმა ჰალიფაქსში, ლისტერის სახლში, შიბდენ ჰოლში გადაასვენა. შიბდენ ჰოლი ენ ლისტერის საგვარეულო სასახლე იყო, რომელიც დეიდის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

ეს მემკვიდრეობა მას აძლევდა საშუალებას, რომ უზრუნველად ეცხოვრა. ამავე დროს შიბდენ ჰოლი იყო მისი ინსპირაცია, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სახლი განეახლებინა და უფრო დიდი ზომის გაეხადა, ამბობს ანგელა შტაიდელე.

შიბდენ ჰოლი. წინა პლანზე ჩანს ენ ლისტერის მიშენებული კოშკი. წყარო: ვიკიპედია

შიბდენ ჰოლი. წინა პლანზე ჩანს ენ ლისტერის მიშენებული კოშკი. წყარო: ვიკიპედია

შტაიდელეს თქმით, ენ ლესტერი, რომელმაც ინგლისურ ენაზე ყველაზე დიდი დღიური დაწერა, 1791 წლის 3 აპრილს დიდ ბრიტანეთში, ჰალიფაქსში დაიბადა. მისი დღიურები დაახლოებით 4 მილიონ სიტყვას მოიცავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სასიყვარულო და ინტიმურ საკითხებს ეხება.

ანგელა შტაიდელეს თქმით, ენ ლისტერის დღიურებს სათავე მისმა სასიყვარულო წერილებმა დაუდეს, რომელთაც იორკის სასწავლებელში გაცნობილ ელაიზა რეინს სწერდა.

“ეს არის დასაწყისი ამ დღიურისა, რომელიც ინგლისურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი  მოცულობისაა”, – ამბობს შტაიდელე.

ამ პერიოდში ფოსტა არ მიიჩნეოდა საიმედო და დაცულ საშუალებად, ამის გამო წერილების ის ნაწილი, რომელიც პირად ან ინტიმურ საკითხებს ეხება, მის მიერვე გამოგონილი საიდუმლო ანბანით, ძველბერძნული ასოებისა და არითმეტიკული ნიშნების კომბინაციით არის დაწერილი, ამბობს შტაიდელე.

შტაიდელეს თქმით, დღიურის ერთი ნაწილი უინტერესოა, რადგან ავტორი პედანტურად აღწერს უმნიშვნელო ყოველდღიურ ამბებს, თუმცა დღიურის მნიშვნელობას ის განაპირობებს, რომ ამ დღიურით სურდა აღეწერა თავისი ცხოვრება და მოეთხრო თავისი ლესბოსური თავგადასვლების შესახებ.  

შტაიდელეს თქმით, ლისტერი ღიად წერდა თავის დღიურში, რომ მისთვის სრულიად მისაღები და ბუნებრივი იყო მისი სურვილი ქალებთან ურთიერთობისა.

“ჩემი სხეულის არც ერთ ნაწილს არ შეუძლია ამის წინააღმდეგ წასვლა”, – წერს ლისტერი.

საიდუმლო ანბანის გარდა, იგი იყენებდა არაერთ ევფემიზმს სექსუალური აქტების დასახასიათებლად, მაგალითად, კოცნა აღნიშნავდა სექსს. ამ გარემოებების გამო გახდა მისი დღიური უნიკალური, ამბობს შტაიდელე.

შტაიდელის დახასიათებით, ლისტერს შეეძლო ყველასთან გამოენახა საერთო ენა და ქალების მოსახიბლად სტანდარტულ ფრაზას იყენებდა: “თქვენ ჩემში ისეთ გრძნობებს აღძრავთ, რომელიც აქამდე არ განმიცდია”, თუმცა არც ერთი პარტნიორისთვის არ გაუმხელია, რომ მანამდე სხვებთანაც ჰქონდა ურთიერთობა.

როგორც მისი დღიურებიდან ირკვევა, ლისტერს არაერთი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა შტაიდელე ამბობს, რომ მისი ცხოვრების სიყვარული მარიანა ბელკომბი იყო, რომელთანაც 20 წელიწადი ცხოვრობდა.

ენ ლისტერის გარეგნობა, მისი განსხვავებული ხასიათი გარშემომყოფების ყურადღებას იქცევდა, რამდენჯერმე ძალადობის ობიექტიც კი გამხდარა.

იგი ატარებდა შავ ტანსაცმელს, რომელიც შტაიდელეს განმარტებით მკაცრი მოგზაური კაცების სტილი იყო. მას შარვალი არასოდეს ჩაუცვამს, თუმცა არ ატარებდა ფემინურ ტანსაცმელს, მაგალითად,  ქალებისთვის განკუთვნილ ქუდს – ბონეტს, რომელიც მისი დიზაინიდან გამომდინარე ქალებს მარჯვნივ და მარცნივ ხედვას უზღუდავდა.

ენ ლიტერსა და მის ბოლო პარნტნიორ ენ უოკერს არასოდეს უთქვამთ, რომ ლესბოსელები იყვნენ, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ და ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში, მაგალითად, ეკლესიაში, წინა რიგში ნაქირავები ჰქონდათ სკამი.

ლისტერმა ენ უოკერი ჰალიფაქსში გაიცნო. უოკერი ლისტერზე მდიდარი იყო. მათ იქორწინეს კიდეც, რა თქმა უნდა, არალეგალურად.  ლისტერი უოკერს სთხოვდა, რომ ქონება მისთვის გადაეცა ისევე, როგორც მაშინდელი ჰეტეროსექსუალი კაცები ცოლების  ქონების მფლობელები ხდებოდნენ.

სწორედ უოკერის ფულით განაახლა ლისტერმა შიბდენ ჰოლი, ზომაში გაზარდა. ასევე, უოკერის ფული დააბანდა სასტუმროებსა და ქვანახშირის მოპოვებაში.

წმინდა ანას ეკლესია ჰალიფაქსში, სადაც ენ ლისტერია დაკრძალული

წმინდა ანას ეკლესია ჰალიფაქსში, სადაც ენ ლისტერია დაკრძალული

შტაიდელემ აღნიშნა, რომ ბოლოს ენ უოკერმა გაიაზრა, რომ ლისტერს გაგიჟებით სულაც არ უყვარდა და მხოლოდ მისი ფული იზიდავდა, თუმცა მაინც ვერ შეძლო მასთან დაშორება. ლისტერის გარდაცვალების შემდეგ ქონება, შიბდენ ჰოლი და მისი დღიურები, ენ უოკერს დარჩა, თუმცა მოგზაურობის, პარტნიორის დაკარგვისა და ამდენი წვალების შემდეგ უოკერმა რაღაც პერიოდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა და 1854 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა, ხოლო შიბდენ ჰოლი და დღიურები ლისტერების სხვა ხაზის შთამომავლებს დარჩათ, რომელთაც შემდეგ აღმოაჩინეს და გაიშფრეს მისი დღიურების საიდუმლო ნაწილები.

შტაიდელე ამბობს, რომ არ აპირებს, ლისტერის დღიურები სრულად შეისწავლოს, იგი მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი ნაწილითაა დაინტერესებული, რომელიც გამოქვეყნდა, რადგან არაერთი ავტორი დაკარგულა ამ დღიურების კითხვისას. შტაიდელეს განსაკუთრებით აინტერესებს მისი მოგზურობის დეტალები და ის ახალი ინფორმაცია, რაც შესაძლოა საქართველოში მოიძიოს მის შესახებ. 

რამ ჩამოიყვანა საქართველოში ენ ლისტერი? ანგელა შტაიდელე ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ლისტერს ძალიან სურდა რუსეთში მოგზაურობა, რომლის შემდეგაც ირანის გავლით ბაღდადში ჩასვლასაც გეგმავდა, თუმცა საქართველოში  მოგზაურობისას ბევრი სირთულე შეხვდა და ამის  გამო ბაღდადისკენ გზა ვერ გააგრძელა,

შტაიდელე ამბობს, რომ ლიტერატურა და მოგზაურობა მისთვის იყო მოძრაობა (გადატანითი მნიშნელობით), რომლითაც  საკუთარ გზას იკვალავდა.

“ყოველთვის ფიქრობდა, რომ ერთ დღეს გამოაქვეყნებდა რამეს [ნაწარმოებს] და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ყოველდღე წერდა ამ წიგნს თავისი დღიურების სახით”, – ამბობს შტაიდელე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი