ახალი ამბები

ადვოკატი: ტარიელ ფოცხვერიას სასამართლომ განაჩენის აღსრულება გადაუვადა

1 ივნისი, 2016 • 1213
ადვოკატი: ტარიელ ფოცხვერიას სასამართლომ განაჩენის აღსრულება გადაუვადა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება გადაუვადა. მოსიაშვილის თქმით, ფოცხვერია აპირებს, ქვეყანა დატოვოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავროს.

გაგი მოსიაშვილის განმარტებით, სასამართლომ განაჩენის აღსრულება ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარობის არსებით გაუმჯობესებამდე გადაავადა.

“ტარიელ ფოცხვერია არის ონკოლოგიურად მძიმე ავადმყოფი, რაც დადასტურებული არის სახელმწიფო სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზით. ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს და ვთხოვდით, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე და მისი პირადი სამედიცინო სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მომხდარიყო განაჩენის აღსრულების გადავადება. სასამართლომ მიიღო სამართლიანი და ობიექტური გადაწყყვეტილება და განაჩენის აღსრულება გადავადდა. ამ ეტაპზე რამდენიმე დღეში ტარიელ ფოცხვერია მკურნალობის მიზნით ქვეყანას დატოვებს. იგი მკურნალობას უკვე, თუკი ამის შესალებლობა იქნება, სხვა ქვეყანაში გააგრძელებს,”- განუცხადა მან ნეტგაზეთს.

2015 წელს ბოლოს ტარიელ ფოცხვერიამ სასამართლოში უჩივლა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. სარჩელის თანახმად, მძიმე დაავადება, რომელიც ტარიელ ფოცხვერიას აქვს, შედის იმ განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რაც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს, კომისიამ კი ეს საკითხი არც განიხილა. ადვოკატი სასამართლოში ტარიელ ფოცხვერიას სასჯელისგან გათავისუფლებას მოითხოვდა.

გაგი მოსიაშვილმა დღეს ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, რომ ფოცხვერიას სასჯელის აღსრულების გადავადების მიუხედავად, კომისიასთან სასამართლო დავა გრძელდება.

ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად “ტარასა” ამნისტიის შედეგად 2013 წლის ივნისის დასაწყისში გათავისუფლდა. ის ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობისთვის და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელს 2006 წლიდან იხდიდა. 2014 წლის თებერვალში კი მას კვლავ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი