ახალი ამბებიკომენტარი

როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ბავშვთა სიღარიბე

1 ივნისი, 2016 • 3521
როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ბავშვთა სიღარიბე

გაეროს ბავშვთა ფონდის, “იუნისეფის” მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ბავშვების 27 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს. “იუნისეფი” ამჟამად ახალ ანგარიშზე მუშაობს, რომელიც აჩვენებს, რამდენად შეიცვალა ბოლო ორი წლის მანძილზე სიტუაცია ბავშვთა სიღარიბის კუთხით. რას ნიშნავს ბავშვთა სიღარიბე, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას და რატომ არის საჭირო ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა – ამ თემაზე “ბათუმელები” თინა ბაუმს ესაუბრა, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელს.

როგორია საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით?

ბოლო მონაცემები არის 2013 წლის. ჩვენ სხვადასხვა ზღვარს ვიყენებთ შესაფასებლად, მაგრამ ნებისმიერი ზღვარის გამოყენების შემთხვევაში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე
ნებისმიერი სხვა ჯგუფის. ბოლო მონაცემებით საქართველოში ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში, ხოლო ბავშვთა 6 პროცენტი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ვლაპარაკობთ 0-დან 16 წლამდე ბავშვებზე.

სიღარიბის მაჩვენებლების განსაზღვრის დროს ბავშვთა სიღარიბეს ცალკე გამოვყოფთ, რადგან ბავშვებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა შეიცვალოს. ბავშვები ვერ ირჩევენ სად, როგორ პირობებში იბადებიან.

რა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ბავშვი არის მშიერი და გაქვთ თუ არა მონაცემები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც კრიტიკულ ზღვარზე იმყოფებიან?

როცა „იუნისეფი“ საუბრობს შიმშილზე, იგულისხმება არასათანადო კვება და ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, რომელიც შემდგომში აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე. უკიდურეს სიღარიბეზე რომ ვსაუბრობთ, 71 ლარი გამოდის დაახლოებით ერთ ზრდასრულზე თვეში [უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანზე]. ამ 71 ლარში იგულისხმება ყველანაირი ხარჯი, მათ შორის კვების. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი ამაზე ორჯერ მეტია [ბოლო მონაცემებით 160 ლარი] ეს ნიშნავს, რომ სახეზეა კვების სერიოზული პრობლემა.

ასე რომ, როცა ვსაუბრობთ შიმშილზე, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ბავშვს საკვები საერთოდ არა აქვს, არამედ იმას, რომ ბავშვის კვება არ არის შესაბამისი და საკმარისი მისი ნორმალურად, ჯანმრთელად განვითარებისთვის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში არის 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი, ერთ მილიონზე მეტი ავტომანქანაა რეგისტრირებული, ბავშვების 27 პროცენტი კი არის ღარიბი და არასათანადოდ იკვებება. ეს მონაცემები რაზე მეტყველებს, თქვენი აზრით?

მიმაჩნია, რომ საქართველოში ღარიბი ბავშვების რიცხვი ძალიან მაღალია. აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი
კვლევის თანახმად, თუ ბავშვები დიდ ხანს რჩებიან სიღარიბეში, სამჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ ზრდასრულ ასაკშიც გაცილებით მეტ წელს გაატარებენ სიღარიბეში. სიღარიბე ნიშნავს, რომ ბავშვს არ აქვს საკმარისი და საჭირო საკვები, არ აქვს ისეთი გარემო, რომელიც მას ეხმარება. კი, სკოლა უფასოა, მაგრამ ბავშვს შეიძლება ფეხსაცმელი არ ჰქონდეს, რომ სკოლაში წავიდეს. ან შეიძლება ამ სიტუაციის გამო ოჯახში ისეთი მძიმე ფონი იყოს, რომ ბავშვს არ ჰქონდეს მეცადინეობის საშუალება. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა, რაღაც ბარიებების გამო ვერ იყენებს თავის პოტენციურ შესაძლებლობებს ბოლომდე. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს შემდგომში მის კეთილდღეობაზე. და ეს არის თაობა, რომელმაც მომავალში უნდა შექმნას ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში. ამიტომ ის ფონი, რაც დღეს არის, ნამდვილად საგანგაშოა.

რა მიიჩნევა ბავშვთა სიღარიბის პირდაპირ და ირიბ მიზეზებად?

პირდაპირი მიზეზი შეიძლება იყოს ერთის მხრივ ის, რომ ბავშვის ოჯახს არ აქვს შესაბამისი განათლება შემოსავალი, პირდაპირი მიზეზია, როდესაც არ არსებობს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც სათანადოდ ეხმარება ოჯახებს გაძლიერებაში. არის მოსაზრება, რატომ უნდა იყოს სახელწიფო ამაში ჩართული, როცა
უპირველესი პასუხისმგებლობა ბავშვზე აქვს მის ოჯახს. მაგრამ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის,
რომ ოჯახსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არის ერთგვარი საზოგადოებრივი კონტრაქტი, ანუ ჩვენ რაღაცას გავცემთ, ვიხდით გადასახადებს და ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან სიღარიბეს.

იცვლება სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით? ხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს?

დანამატი – ბავშვზე 10 ლარი, არის მნიშვნელოვანი. მართალია, ეს თანხა მცირეა, მაგრამ იძლევა განსხვავებას
სიღარიბის მაჩვენებლის შეფასებისას და გარდა ამისა, ეს სხვა ზღვარს აწესებს. ანუ, თუ სპეციალური დახმარების
მიზნობრივი პროგრამა წყდება 65 000 ქულაზე [ძალან უხეშად თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს მინიმალური საჭიროებების მხოლოდ 65 პროცენტს] ბავშვზე დანამატი 100 000 ქულაზეა აწეული. ანუ სახელმწიფო ამბობს, რომ ოჯახს, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს მინიმალური საჭიროებების
ქონა-არქონის ზღვარზე, მე უნდა დავეხმაროო. ეს სწორი ნაბიჯია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.

თუ არ იქნება მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან, თუ არ დაისმება კითხვები, რატომ არ შეიძლება გვქონდეს
უფრო გამართული, უფრო დაცული სოციალური დახმარების სისტემა, მთავრობამ შეიძლება ეს არ გააკეთოს.
ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის გრძელვადიანი თემა, რომელსაც დიდი ინვესტირება სჭირდება, როგორც
ფულადი, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რომ კარგად მოვიფიქროთ რისი მიღწევა გვინდა. თუ ამის დაკვეთა წამოვა საზოგადოების მხრიდან, დიდი შანსია სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება.

მედია ხშირად აშუქებს ბავშვთა სიღარიბეზე თემებს, რასაც საზოგადოების გამოხმაურება და დახმარების
სურვილიც მოჰყვება ხოლმე…

დიახ, მაგრამ აუცილებელია ყურადღების გამახვილება სისტემურ ხარვეზებსა და ძლიერი სოციალური დაცვის
სისტემის აუცილებლობაზე. ერთეულ შემთხვევებზე რეაგირება საზოგადოების მხრიდან დაახლოებით იგივეა,
ფილტვების ანთებას ტკივილგამაყუჩებლით რომ ვუმკურნალოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და მედიის როლი, აქტიურობა მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რომ მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან უფრო გამართული სოციალური დაცვის სისტემა.

რა დრო და ნაბიჯები შეიძლება დასჭირდეს სახელმწიფოს, რომ ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს?

არის რამდენიმე აუცილებელი პირობა. ერთი მხრივ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ზრდა,
მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა ყოველთვის პირდაპირ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, 2001 წლიდან 2010 წლამდე იყო ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს არ
აისახა პირდაპირპროპორციულად სიღარიბის კლებაზე. სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, დაცული ეკონომიკა აუცილებელია; მეორე აუცილებელი პირობა ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, ასევე არის კარგად გამართული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში არ გავქვს. გვაქვს სოციალური დაცვის პროგრამები, მაგრამ სისტემა, რომელიც მთლიანობაში შეხედავს ყველაფერს და პრევენციული ხასიათი ექნება – არ გაგვაჩნია.

სოციალური დაცვის სისტემასთან დაკავშირებით „იუნისეფმა” და მსოფლიო ბანკმა გავაკეთეთ განცხადება,
თუ რა ტიპის სოციალური სისტემა უნდა არსებობდეს საქართველოში. დღევანდელი სოციალური დახმარების
პროგრამა ხედავს ოჯახებს, რომლებიც უკვე ძალიან ცუდად არიან, მაგრამ პროგრამა ვერ ხედავს ოჯახებს, რომლებიც „ცუდად გახდომის“ გზაზე არიან. სოციალური დაცვის სისტემისთვის აუცილებელია, პროგრამის ნაწილი იყოს ამაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ასეთი ოჯახების დანახვა შეძლოს სისტემამ და მათ ეხმარებოდეს სხვადასხვა სერვისით ან ბენეფიტებით.

იგივე უმუშევრობის დაზღვევა რაღაც ეტაპზე შეიძლება პრევენციულ ღონისძიებადაც განვიხილოთ. სამწუხაროდ, პრევენციის თემა ჩვენთან საერთოდ არ არსებობს, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის გადაკვალიფიცირება, შრომის ბაზარზე დაბრუნება, ვინც ცუდ მდგომარეობაშია.ეს მეთოდები გამოცდილია სხვადასხვა ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი